09 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
აშშ-ში ფრანსუა ოლანდის პოზიცია მოულოდნელი არ ყოფილა

აშშ-ში ფრანსუა ოლანდის პოზიცია მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. თუმცა ოლანდის განცხადება შეიძლება აღქმული იყოს, როგორც იმ ვალდებულებებზე უარის თქმა, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა ბუქარესტის სამიტზე აიღო.

აშშ-ის საექსპერტო წრეებში ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გადახედვაზე გაკეთებული განცხადება გაცილებით მწვავედ აღიქვეს.

მათი პოზიციით, თუკი გადაიხედება ევროპული სამეზობლო პოლიტიკა რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით და არ იქნება გათვალისწინებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტერესები, მაშინ ეს ევროკავშირის მხრიდან დიდი შეცდომა იქნება.

„რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, უჩვეულო და ახალი არ ყოფილა. ისედაც ვიცოდით, რომ საფრანგეთსა და კიდევ რამდენიმე ევროპულ ქვეყანას არ უნდათ ნატოს გაფართოება. ევროკავშირის ლიდერებიც არ იჩენენ ამ მხრივ დიდ ენთუზიაზმს. თუმცა არიან ხელისუფლებები, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ პოლიტიკას. არ ვფიქრობ, რომ ნატო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მალე გაფართოვდება. უკვე ვნახეთ აგრესია საქართველოში, ახლა კი უკრაინაში. თუ რომელიმე ქვეყანას შემოერთების გარანტიას მისცემ, მაშინ მზად უნდა იყო რუსეთთან ომისთვის ამ ქვეყნის დასაცავად. არ ვფიქრობ, რომ ევროპელები ამ ეტაპზე ამას აპირებენ. ბოლოს, როცა ვინმეს ნატოს წევრობა შესთავაზეს, საქართველო იყო აგვისტოს ომამდე. ამის შემდეგ მეტი შეთავაზება აღარ გვინახავს. არ ვფიქრობ, რომ ევროპელები და ამერიკელები აპირებენ ამ თემაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ," - აცხადებს "ჰადსონის" ინსტიტუტის პროფესორი რიჩარდ ვეითსი.

„არ ვიცი, ზუსტად რა იგულისხმა ოლანდმა. თუმცა ვიცი, რომ ანგელა მერკელმა მსგავსი რამ თქვა რამდენიმე წლის წინ და გაუგებარია, რას ფიქრობენ სინამდვილეში. თუმცა მართალია, რომ ნატო უკვე ვეებერთელაა, რადგან ალიანსს ძალიან ბევრი წევრი ჰყავს - განსხვავებული ინტერესის მქონე ქვეყნები. რაც შეეხება ევროკავშირს, პარტნიორობის პროგრამის შეწყვეტა დიდი შეცდომა იქნება, რადგან მიმაჩნია, რომ ეკონომიკურად საქართველოსთვის გაცილებით მომგებიანი იქნება ევროკავშირის წევრობა, ვიდრე პუტინის ევრაზიული კავშირის, რადგან რუსეთი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იქნება მომავალი 10 წელი. აშშ-ს ნამდვილად აქვს გავლენა ნატოში და იმედი მაქვს, სახელმწიფო მდივანი კერი და პრეზიდენტი ობამა საკუთარ განწყობას სხვებსაც გააცნობენ,” - აცხადებს აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის თანამშრომელი პოლ კრიგო.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის პროცესს აშშ განსაკუთრებული ინტერესით დააკვირდება, რადგან ეს არის თემა, რომელიც არა მხოლოდ ევროპის, არამედ აშშ-ის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებში შედის.

დღის ამბები