09 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
ნადეჟდა სავჩენკო წინასწარ პატიმრობაში 13 მაისამდე რჩება

ნადეჟდა სავჩენკო წინასწარ პატიმრობაში 13 მაისამდე რჩება. ასეთი გადაწყვეტილება დღეს მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

სავჩენკო უკრაინის რადასა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატია და აქედან გამომდინარე, მას სპეციალური იმუნიტეტი აქვს. სწორედ ამ არგუმენტით დააყენეს მისმა ადვოკატებმა შუამდგომლობა დღეს სასამართლოში. თუმცა ბასმანის სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„მორიგი წითელი ხაზი გადაკვეთეს. დღეს რუსეთის ისტორიაში რუსულმა სასამართლომ უარი თქვა საერთაშორისო დიპლომატიური იმუნიტეტის აღიარებაზე. ამ პრეცედენტის გათვალისწინებით, ევროსაბჭოში რუსი დიპლომატები თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ. დღეს სასამართლომ დაადასტურა საგამოძიებო კომიტეტის პოზიცია და ამით მთელი პასუხისმგებლობა დააკისრა ქვეყანას, რაც უახლოეს მომავალში უარყოფით შედეგებს მოგვიტანს,” - აცხადებს სავჩენკოს ადვოკატი ილია ნოვიკოვი.

ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადებიან.

უკრაინელი მფრინავი უკვე 8 თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება. ის პრორუსმა სეპარატისტებმა ქვეყნის აღმოსავლეთში დააკავეს და რუსეთს გადასცეს.

სავჩენკოს დონბასში რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში თანამონაწილეობა ედება ბრალად, რასაც ის არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად უკვე სამი თვეა შიმშილობს.  

დღის ამბები