26 აპრილი 2024,   10:04
ვრცლად
მასშტაბური მშენებლობა დიღმის ტყე-პარკში - მრავალფუნქციური შენობის აშენებას, ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამტანი კომპანია გეგმავს 

დიღმის ტყე-პარკში მალე მასშტაბური მშენებლობა დაიწყება. კახი კალაძემ ტყე-პარკის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური შენობის ასაშენებლად წინასწარი ნებართვა გასცა და პროექტირებას მწვანე შუქი აუნთო. მასშტაბურ მშენებლობას დიღმის გამწვანებულ ზონაში ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამტანი კომპანია „ანაგი“ გეგმავს.

სამოქალაქო აქტივისტი, ანა გაბრიაძე, დარწმუნებულია, რომ „ანაგის“ გეგმები კიდევ უფრო შორს მიდის. კომპანია, დიღმის ტყე-პარკის გზისპირა ზოლის გარდა, ფლობს ნაკვეთს უშუალოდ ტყეში. ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ ახალი მრავალფუნქციური შენობა დიღმის ტრასაზე „კია მოტორსის“ ადგილზე და მის მიმდებარედ აშენდება. უფრო კონკრეტულად რა, მერიაში ჯერ არ იციან.

მერიამ პარკის გზისპირა ზოლისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის შენარჩუნებაზე საუბარი, დაახლოებით, 2-3 თვის წინ დაიწყო. იმ პერიოდში გენგეგმის პირველადი ვარიანტის მიხედვით, დიღმის ტყე-პარკს განაპირა ზოლთან ერთად, ლანდშაფტურ-რეკრეაციული სტატუსი უნდა ჰქონოდა, რაც იქ ყველანაირ ახალ მშენებლობას კრძალავდა.

მრავალფუნქციური დარბაზისა და ორანჟერეას მშენებლობის შესახებ ინფორმაცია "აიფაქტის" გამომძიებელ ჟურნალისტებს კომპანია "ანაგმა" წერილობით მას შემდეგ მიაწოდა, რაც გამომძიებელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ დაემთხვა დროში ცვლილებები გენგეგმაში და "ანაგის" მოთხოვნა ტყეში მშენებლობა დაეწყო. 

თბილისის მერიაში ამტკიცებენ, რომ ახალი შენობა უფრო შესაფერისი იქნება. არა და ტყე-პარკი 2006 წლიდან სპეციალური გამწვანების ზონის სტატუსს ფლობს და იქ რაიმე დამატებითი მშენებლობა დაუშვებელია.

როგორ მოახერხა დიღმის ტყე-პარკის განაპირა ზოლში მშენებლობის ნებართვის მიღება კომპანია „ანაგმა,“ ამ კითხვაზე პასუხები ოპოზიციას აქვს. მათი ნაწილი დარწმუნებულია, რომ გენგეგმის მიღების გაჭიანურება სწორედ ასეთ მშენებლობებზე ნებართვების გაცემის მიზნით ხდება.

დღის ამბები