09 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს - განცხადებები რიგაში

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს, -  ამ შინაარსის განცხადებები რიგაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალური შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

სხდომის შედეგები ჟურნალისტებს მასპინძელი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გააცნეს.

ედგარ რინკევიჩმა და ფედერიკა მოგერინიმ პრესკონფერენციის დროს, უკრაინის კრიზისთან ერთად, ყურადღება მოახლოებულ რიგის სამიტზეც გაამახვილეს.

რინკევიჩი რიგის სამიტთან დაკავშირებული საკითხების განხილვით კმაყოფილია და ამბობს, რომ მიღწეულია შეთანხმება, რომ „რიგის სამიტმა უნდა დაადასტუროს ევროკავშირის პოლიტიკური ვალდებულებები აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ".

"ვთანხმდებით, რომ უნდა გვქონდეს უფრო ინდივიდუალური მიდგომა აღმოსავლეთ პარტნიორებთან. უფრო მეტად უნდა დავეხმაროთ ქვეყნებს, რომლებიც რეფორმების გახორციელების პროცესში არიან. უპირველესად კი უნდა ვიმუშაოთ ხელშეწყობის პაკეტებზე იმ სამი ქვეყნისთვის, რომლებმაც ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას. ესენია; საქართველო მოლდოვა და უკრაინა. განვიხილეთ ასევე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი. იმედი გვაქვს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნები ამ მხრივ საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - აცხადებს  ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ფედერიკა მოგერინი კი ამბობს, რომ დროა, ჩამოყალიბდეს ძლიერი პოლიტიკური თანამშრომლობა რეგიონის ქვეყნებთან.

„შეხვედრაზე დიდი დრო დავუთმეთ მოხლოებულ რიგის სამიტს. სათანადოდ მომზადებულები უნდა ვიყოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ექვსივე ქვეყნის მიმართ პოლიტიკურ გზავნილებზე, ვალდებულებებზე და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც შეიძლება რომ გადავდგა,“ - ამბობს ევროკომისარი, ფედერიკა მოგერინი. 

დღის ამბები