სენატორ ჯონ მაკკეინის მემორიალური ცერემონია ვაშინგტონის ეროვნულ კათედრალში დილის 10 საათიდან მიმდინარეობს.
სამგლოვიარო პროცესია კაპიტოლიუმიდან დაიძრა და სენატორის ცხედარი კათედრალში გადმოასვენეს. პროცესია ცოტა ხნით ვიეტნამის ომის მემორიალთან შეჩერდა, სადაც ამ ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს.
სენატორ მაკკეინის ხსოვნის ღონისძიებას, თითქმის, მთელი პოლიტიკური ელიტა ესწრება, პრეზიდენტის გარდა.
თავად სენატორმა ითხოვა, რომ მის დაკრძალვაზე მომხსენებლებად ყოფილი პრეზიდენტები - ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა ყოფილიყვნენ.
მემორიალურ ცერემონიაზე იმყოფებიან სენატორები და კონგრესმენები, ყოფილი სახელმწიფო მდივნები ჰილარი კლინტონი, ჯონ კერი და მადლენ ოლბრაიტი. ვიცე პრეზიდენტები - ჯო ბაიდენი, დიკ ჩეინი და ალ გორი.
მემორიალურ ღონისძიებაზე დასასწრებად ვაშინგტონში ჩამოვიდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, საქართველომ მაკკეინის სახით დიდი მეგობარი დაკარგა.
„სენატორი მაკკეინი ძალიან ახლო მეგობარი იყო. მე ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ მასთან სახლში, მის რანჩოზე არიზონაში, ის - ჩემთან, ვენახში. ჩვენ გვქონდა ბევრად მეტი ურთიერთობა. ვიდრე პოლიტიკაში შეიძლება. იყოს. ჩვენ გვქონდა ნამდვილი სულიერი კავშირი. მან თავის დროზე. ჰილარი კლინტონთან ერთად. ნობელის პრემიაზე დამასახელა. ძალიან ბევრ კომპლიმენტებს მეუბნებოდა ხოლმე. მაგალითად, მახსოვს კარგად 2010-ში რომ ჩამოვიდა. ჩემს თანაშემწეებს ჰკითხა, თქვენ ხვდებითო, რომ მიშა არის თქვენი რეგიონის ჩერჩილიო. სინამდვილეში მე მიმაჩნია, რომ თანამედროვე ჩერჩილი იყო სწორედ მაკკეინი და სხვათა შორის, ქართული ღვინის ემბარგო რომ იყო, დიდი მსმელი არ იყო მაკკეინი, მაგრამ მან დაიწყო ქართული ღვინის სმა და ყველას სთავაზობდა, ეს არის თავისუფლების ღვინოო და მე მინდა, დღეს ქართველებმა შესვან მისი შესანდობარი სწორედ ქართული ღვინით. საქართველომ დაკარგა უკანასკნელი დიდი მეგობარი. საერთოდ აღარ ახსენებენ საქართველოს, საქართველო გაქრა რადარიდან. ივანიშვილმა მიაღწია თავის მიზანს - საქართველო სიტყვა უხსენებლივით გახდა. კატასტროფა ხდება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ვაშინგტონში ჩამოსულები არიან პოლონეთის, უკრაინის და პანამის პრეზიდენტები, ნატოს ახლანდელი და ყოფილი გენერალური მდივნები, კანადის და ესტონეთის თავდაცვის მინისტრები. არაერთი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
საქართველოდან ოფიციალურ დელეგაციაში კი პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, არიან.
სენატორ ჯონ მაკკეინს ხვალ ანაპოლისში, საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე, დაკრძალავენ.