რამდენიმე ფოტო, რომელიც გახმაურებული მკვლელობის საქმეს თავდაყირა აყენებს და კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს როგორც გამოძიებასთან, ისე სკოლის ადმინისტრაციის მისამართით - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიამ დღეს კიდევ რამდენიმე მტკიცებულება წარმოადგინა, რომელიც ადასტურებს, რომ მოსწავლეებს შორის უკიდურესად გამწვავებული კონფლიქტის შესახებ სავარაუდოდ 51-ე სკოლის დირექციამაც იცოდა, თუმცა მოახლოებული ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად არაფერი გააკეთა. ფოტოები 1 დეკემბრის, დღის 2 საათის პერიოდს ასახავს. მაშინ როდესაც 51-ე სკოლის და პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ და საქმეს სკოლის წინ მელიქიშვილის გამზირზე არჩევდნენ. საგამოძიებო კომისიის წევრებმა ამ აქამდე უცნობი მასალის საფუძველზე დაადგინეს, რომ 51-ე სკოლის ადმინისტრაციამ ამ სახიფათო სიტუაციის მიუხედავად რეაგირება არ მოახდინა.
51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თინათინ ყენიაა, რომელიც ტრაგედიის დღეს სკოლაში დირექტორის მოვალეობას ასრულებდა ადასტურებს, რომ მან სკოლის მიმდებარედ უცხო მოსწავლეებიც შენიშნა, თუმცა ამბობს, რომ იმის გამო, რომ ამ მოზარდებს კომუნიკაცია 51-ე სკოლის მოსწლავლეებტან არ ჰქონიათ, მან არ ჩათვალა საჭიროდ რაიმე ზომები მიეღო.
საგამოძიებო კომისიის მომდევნო სხდომა ხვალ გაიმართება, ამ სხდომას უმრავლესობის წამომადგენლებიც დაესწრებიან და ალტერნატიულ დასკვნას წარადგენენ. კომისიის წევრები იმაზედაც იმსჯელებენ თუ რა დარღვევები გამოვლინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მხრიდან დავით სარალიძის მკვლელობის საქმის გამოძიების დროს, წინასწარი ინფორმაციით დარღვევები იმდენად მძიმეა, რომ კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს.