მოსამართლეების დანიშვნის წესი - ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელსაც იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
იუსტიციის საბჭო უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის გადადგომის შემდეგ პირველად იმართება. სხდომას საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, ხელმძღვანელობს.
მოსამართლეების დანიშვნის წესი საბჭოს წევრებს შორის დაპირისპირების მიზეზია. არამოსამართლე წევრები ფიქრობენ, რომ შერჩევისა და დანიშვნის პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს.
"შეიძლება ითქვას, რომე ეს პროცესი არის ტაბულა, რაზა, ანუ ცარიელი დაფა. კონსტიტუცია აწესებს მხოლოდ ორ აუცილებელ მოცემულობას - კანდიდატი უნდა წარადგინოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და უნდა დანიშნოს პარლამენტმა. რა ხდება ამ ორ მოცემულობას შორის კონსტიტუცია ამაზე არაფერს გვეუბნება. შესაბამისად, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ჩვენ შევიმუშაოთ, მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებზე დაყრდნობით, რომელიც იქნება გამჭვირვალე, სადაც მონაწილეობას მიიღებს ხალხი. მე ვმუშაობ შედარებითად ამ პრინციპების მოკრებაზე და ვეცდები, წარვადგინო საქართველოს პარლამენტში,“ - ამბობს ანა დოლიძე.
იუსტიციის საბჭოს მდივანი, რომელიც თავმჯდომარის ფუნქციებს ითავსებს, ამბობს, რომ ოპონენტების მხრიდან კრიტიკა შეუსაბამოა, რადგან მოსამართლეთა არჩევისა და დანიშვნის წესთან დაკავშირებით ახალი სტანდარტები არსებობს, რაც ჯერ ბოლომდე განხილული არ არის და ყველასთვის სიახლეს წარმოადგენს. შესაბამისად, გიორგი მიქაუტაძისთვის გაუგებარია, წინასწარ როგორ აპროტესტებენ საბჭოს არამოსამართლე წევრები ამ წესს.