საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის ერთ-ერთი თავი შსს-სა და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების დროს გამოვლენილ დარღვევებს ეხება.
დოკუმენტის ამ თავში დეტალურად არის აღწერილი ის მნიშვნელოვანი დარღვევები, რომელიც საგამოძიებო უწყებებში გამოძიების დროს დაფიქსირდა. მათ შორის აღწერილია, რაში გამოამჟღავნეს საგამოძიებო ორგანოებმა მიკერძოებულობა და დაინტერესება ამ საქმის მიმართ. ასევე, რამდენად ინდიფერენტული იყო გამოძიება მირზა სუბელიანის და მისი ახლობლების მიმართ.
დოკუმენტში მოხვდა რუსთავი2-ში სხვადასხვა დროს გასული რეპორტაჟებიც. მათ შორის არის 17 თებერვალს გასული რეპორტაჟი, სადაც ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდი ყვება, რომ სისხლიანი გარჩევის დროს მიხეილ კალანდიამ ჯიბეში ჩაიყო ხელი. გამოძიება ამ ფრაზით არ დაინტერესებულა.
„დ.ღ. დამატებით დაკითხა პროკურატურამ რუსთავი2-ის ეთერში გასული სიუჟეტის ირგვლივ და ლოგიკურად უნდა დაესვათ ის კითხვები, რომელიც უკავშირდება სიუჟეტში გასულ მნიშვნელოვან გარემოებას. ერთი კითხვაც კი არ დაუსვამთ მ.კ.-ს მიერ ჩხუბის დაწყებისას ჯიბეში ხელის ჩაყოფასთან დაკავშირებით, რაც ამ სიუჟეტის საკვანძო ნაწილს წარმოადგენდა.
"დ.ღ.-მ უთხრა პროკურორ ზვიად ფხაკაძეს, რომ მ.კ.-მ ჩხუბის დაწყებისას ჯიბეში ჩაიყო ხელი. ეს საკვანძო გარემოება პირდაპირ, თავის პირით უთხრა პროკურორს. პროკურორ ფხაკაძეს იმის ნაცვლად რომ დაინტერესებულიყო ამ მნიშვნელოვანი გარემოებებით, არასრულწლოვან მოწმეს უთხრა, რომ ეს ფაქტი არ იყო საინტერესო. პროკურატურა არის მიკერძოებული და დაინტერესებული მირზა სუბელიანის და მისი ნათესავების მიმართ, რომ დაფაროს მათი როლი სხვადასხვა დანაშაულებებში,“ - განაცადა ოთარ კახიძემ.
კომისიის მსვლელობის დროს მირზა სუბელიანის მიმართ პროკურატურის მხრიდან მფარველობაზე ისაუბრა სერგი კაპანაძემაც.
მისი თქმით, გამოძიებისთვის პირველივე დღეს იყო ცნობილი, რომ ამ საქმეში ფიგურირებდა, მიუხედავად ამისა მის მიმართ არ ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები.
დოკუმენტის ამ ნაწილთან მიმართებაში პრეტენზიები აქვს მმართველ გუნდს.
ანრი ოხანაშვილმა მოითხოვა, დასაბუთებული ყოფილიყო ის ფაქტი, თუ კონკრეტულად ვინ მფარველობდა მირზა სუბელიანს.
„რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვამბობთ და კონკრეტულად ვინ დაინტერესდა მირზა სუბელიანთან მიმართებაში, რომ მისი ოჯახის წევრებთან მიმართებაში ყოფილიყო მიკერძოება,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.