ქართული ოცნების წევრებმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საგამოძიებო კომისიას ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ალტერნატიული დასკვნა წარადგინეს.
როგორც ცნობილია, კომისიის ოპოზიციონერმა წევრებმა უკვე მოამზადეს დასკვნა, რომლის საფუძველზეც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, მიხელ კალანდიას, მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება მოითხოვეს.
რაც შეეხება უმრავლესობის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, ის ჯერ საჯარო არ არის. სავარაუდოდ, ის რადიკალურად განსხვავებულია კომისიის ოპოზიციონერი წევრების მიერ მომზადებული დასკვნისგან.
მთავარი ხაზი უმრავლესობის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, როგორც თავად ოცნების წევრები ამბობენ, იქნება საგამოძიებო ორგანოების არაკოორდინირებული მუშაობა, რის გამოც, არ იყო იმგვარი მტკიცებულებები მოპოვებული, რომელსაც შეეძლო სხვა შედეგი დაედო. დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, გამოძიების დროს ხარვეზები იყო, მაგრამ არა ისეთი, რომ გავლენა მოეხდინა საბოლოო შედეგზე.
„იმისთვის, რომ ვთქვათ, ხარვეზებმა მოახდინა ზეგავლენა, ამის საფუძველი არ გამოვლინდა. ის, რომ ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებდა, ეს არ გამოიკვეთა. კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ დაედგინა, ხომ არ არის, ასე ვთქვათ, ტენდენციური საგამოძიებო პროცესი, ხომ არ იყო ვიღაცის გავლენა იმისთვის, რომ ვინმესთვის ხელი დაეფარებინა," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
უმრავლესობის წევრების განცხადებით, კომისიის დასკვნაში წერია, რომ უწყებრივი ჩარევა გამოძიების მსვლელობის დროს არ მომხდარა.
„ჩვენ გამოვავლინეთ კონკრეტული ხარვეზები გამოძიების პროცესში, რომლებმაც მიგვაჩნია, რომ იქონია გავლენა მტკიცებულებების ხარისხზე. ასევე, კომისიის დასკვნაში წერია, რომ პოლიტიკური, ანუ უწყებრივი ჩარევა მართლმსაჯულების წინააღმდეგ არ მომხდარა. ასევე, დასკვნებში არის მოცემული კონკრეტული მკაცრი რეკომენდაციები, რომლითაც ჩვენ ვთხოვთ, რომ აღმოიფხვრას ის პრობლემები, რომლებიც გამოძიების შედეგად დავადგინეთ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ მათ მიერ მომზადებულ რეკომენდაციაში იქნებიან საკმაოდ მომთხოვნები.