თბილისში მიმდინარე რუსულ მედიაფორუმს ქართველ მონაწილეებთან ერთად, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოსული ჟურნალისტები ესწრებიან. ქართველმა მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ფორუმი დატოვეს და რუსეთის პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლებს შეახსენეს, რომ რუსეთი ოკუპანტია. ფორუმის ორგანიზატორებთან პრეტენზიები ჰქონდა აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენელსაც, რომელმაც აღნიშნა, რომ რეგიონში ისე წყდება პრობლემები რომ რუსეთი არც კი ფიქრობს ჰკითხოს აზრი ოფიციალური თბილისის ან ბაქოს წარმომადგენლებს. მთავარი პრეტენზია სწორედ რუსეთის პოლიტიკას ეხებოდა კავკასიის რეგიონში.
„ის 5 ქვეყანა, რომელმაც ე.წ. მსოფლიო წესრიგი შექმნეს, ახალი კონვენციები ჩამოაყალიბეს და მსოფლიოში მშვიდობის გარანტორები გახდნენ, დღემდე ინერციით მუშაობენ. ჰგონიათ რომ სხვის ნაცვლად შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება. კარნახობენ როგორ მოიქცნენ, როგორი სახელმწიფო ააგონ და რომელ ბლოკებს შეუერთდნენ. ჩემი ქვეყნის მაგალითზე გეტყვით, აზერბაიჯანის ხელისუფლება მუდმივი წნეხის ქვეშაა ხან დასავლეთის მხრიდან ხან რუსეთიდან. ეს არის საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული ჩვევა. რაც შეეხება ოკუპაციას, ჩემი აზრით თუ რუსეთი თავად არ არის ოკუპანტი, ის სხვისი ხელით ოკუპაციას უწყობს ხელს,"-განაცხადა აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენელმა.
რუსი ექსპერტები კი ამბობენ, რომ მათთვის უცნობია რა პრობლემებია ამიერკავკასიაში და რომ ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი არის რუსეთი.
„მე მართლა არ ვიცი სად დგანან რუსული ტანკები ან რას აკეთებენ. წარმოდგენა არ მაქვს. ალბათ არ დაიჯერებთ, მაგრამ რუსეთში ძალიან ბევრ ადამიანს ამ პრობლემაზე წარმოადგენა არ აქვს. ჩვენ საკუთარი პრობლემები და ტერიტორიული დავები გვაქვს. ხომ იცით რა ხდება უკრაინაში. ეს რთული საკითხია, მაგრამ არ მესმის რა ხდება იქ. უკრაინაში არ ვყოფილვარ. გინდათ დაიჯერეთ გინდათ არა, მაგრამ მე სიმართლეს ვამბობ, არ ვიცი რა ხდება. ამ ფორუმზე ჩვენ ჟურნალისტების პროფესიონალიზმზე ვსაუბრობთ. ეს უნივერსალური და საერთაშორისო საკითხია და არ ეხება მხოლოდ საქართველოს,“-განაცხადა ”რია ნოვოსტის” პოლიტიკურმა მიმომხილველმა, დიმიტრი კოსირევმა.