რამდენიმე წუთში პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოლო და გადამწყვეტი სხდომა დაიწყება. დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდება, თუ რა რედაქციით წარადგენს კომისია კენჭისყრაზე საბოლოო დასკვნას. იმ შემთხვევაშიც კი თუ კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა, უმცირესობას რჩება რესურსი საკუთარი ვერსია გაიტანოს პლენარულ სხდომაზე.
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმების რესურსი ამოწურულია, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ამ საკითხზე საუბარი სპექტაკლად გადააქცია. სერგი კაპანაძე ვარაუდობს, რომ კონსესუსის მიღწევა ვერ მოხერხდება.
„საგამოძიებო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას და დაამტკიცებს დასკვნას. ჩვენ სამწუხაროდ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში აბსოლუტურად გაუმართლებელი საქციელი "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან ამ კომისიაში. პრაქტიკულად მათი ამოცანა აბსოლუტურად გამოაშკარავდა იყო, რომ ერთის მხრივ მომხდარიყო ტორპედირება კომისიის მუშაობის და მეორეს მხრივ მომხდარიყო იქით წაყვანა, რომ არაფერი არ დაშავებულა. არანაირი დანაშაული არ გამოკვეთილა და არავის პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს. სამწუხაროა, რომ ეს გზა აარჩიეს. დღეს კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, დაამტკიცებს რეკომენდაციებს და შემდეგ უკვე პარლამენტს და უკვე ქართული ოცნების უმრავლესობას პარლამენტში მოუწევს გადაწყვეტილების მიღება,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.