ძლიერი აფეთქება ფოთში - F ტიპის ხელყუმბარის აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. მათგან ერთი სახლში გაწერეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კვლავ საავადმყოფოში დააბრუნეს.
არსებობს სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც ჩანს როგორ სხედან მაგიდასთან ახალგაზრდები. რამდენიმე წამში ერთ-ერთი მამაკაცი დგება, შემდეგ კი აფეთქების ხმა ისმის. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო რომ სხეულის დაზიანებები მიიღო 16 წლის ახალგაზრდამ, რომელიც მაღაზიაში იყო ჩასული.
წინასწარი ინფორმაციით, ხელყუმბარა მაგიდასთან მსხდომი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთს ჰქონდა, თუმცა ვინ ან რატომ მოიყვანა ის საბრძოლო მოქმედებაში ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდები ნასვამები იყვნენ და მათ შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რასაც ერთ-ერთი დაშავებულის მხრიდან ხელყუმბარის საბრძოლო მოქმედებაში მოყვანა მოჰყვა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ხელყუმბარა ერთ-ერთ დაშავებულს გოგა სიგუას ეკუთვნოდა. 29 წლის მამაკაცი ამ დრომდე ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმესი დაზიანებებით იმყოფება. დაშავებულის ოჯახის წევრები ხელყუმბარასთან სიგუას კავშირს გამორიცხავენ და გამოძიების შედეგებს ელოდებიან.
დაშავებულებს სავარაუდოდ სამართალდამცველები მოწმის სტატუსით უახლოეს დღეებში დაკითხავენ. საქმეზე გამოძიება საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე