ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დაშავებული ორი ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
2 დაშავებული გორის სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ ღამით გადაიყვანეს.
უბედურ შემთხვევას ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გუშინ ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
„ორივეს აღენიშნება თავის არეში ზედაპირული ჭრილობები, რომლებიც გაკერილია და პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოჩენილია ქალაქ თბილისში. დამატებით კვლევები ჩაუტარდებათ პაციენტებს. პირველადი შეფასებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ორივე პაციენტი ადეკვატურია და სტაბილურია, იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა, დავით ბარლიანმა.
ოფიციალური ინფორმაციით, მსუბუქად შეჯავშნული ტრანსპორტი იმ დროს ამობრუნდა, როცა სამხედროები სასროლეთიდან ბაზაზე ბრუნდებოდნენ.
დაღუპული სამხედროს ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, ორი დაშავებული კი ინგოროყვას კლინიკიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.