17 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
არაკონსტიტუციური - მამუკა ანდღულაძე GNCC-ის მიმართვას აფასებს

"არაკონსტიტუციური!" - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერი, მამუკა ანდღულაძე, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ტელეკომპანიებისადმი მიმართვას.

GNCC ტელეკომპანიებს მიმართავს, გადაამოწმონ მათი დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის სანდოობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მედიასაშუალებებს საჯარიმო სანქციების შესახებ აფრთხილებს.

მამუკა ანდღულაძე აცხადებს, რომ GNCC-ის ამ მიმართვაში „თვითცენზურის დამკვიდრების“ საშიშროება იკვეთება.

„არის არაკონსტიტუციური, ეწინააღმდეგება ევროპულ კანონმდებლობას და საუკეთესო პრაქტიკას და ქმნის ქვეყანაში თვითცენზურის დამკვიდრების საშიშროებას. ყველა თანხმდება, რომ უნდა იყოს მითითებული, რომელმა კომპანიამ ჩაატარა, რა პერიოდის განმავლობაში ჩატარდა, მეთოდოლოგია და ცდომილების შესაძლო პროცენტული მაჩვენებელი. ხოლო შემდგომ, რაც შეეხება, რამდენად სანდოა თუ არა, ეს არის თვითრეგულაცია. ამის შემოწმება ხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცესკო დადებს შედეგს და დავინახავთ ყველა, რამდენად კეთილსინდისიერად, პატიოსნად და პროფესიულად ჩატარდა საზოგადოებრივი კვლევა. ყველა ნორმალური მაუწყებელი და  ნორმალური საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩამტარებელი კომპანია აარიდებს თავს სამომავლოდ ასეთი კვლევის  ჩატარებას,“ - განაცხადა მამუკა ანდღულაძემ.

ანდღულაძე სამომავლო საფრთხეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ცვლილება საზოგადოებრივი აზრის კვლევებით მანიპულაციას შეიძლება ისახავდეს მიზნად.

„საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოკითხვა ხელისუფლებისთვის, სამწუხაროდ, ძალიან სენსიტიური თემა გახდა. ვეჭვობ, რომ ეს სამომავლოდ არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის, არამედ შორს მიმავალი გეგმაა, ზოგადად, საზოგადოებრივი კვლევების კონტროლი და მანიპულაცია,“ - განაცხადა ანდღულაძემ.

დღის ამბები