ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები გამოძიების დაწყებიდან სამი თვის თავზეც ბუნდოვანია. რაიან სმიტის ცხედარზე ჩატარებულმა ექსპერტიზამ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მამაკაცს, წვივისა და გულ-მკერდის არეში დაზიანებები მკვრივი-ბლაგვი საგნის გამოყენებით სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიაყენეს.
გამოძიებისთვის მიცემულ აღიარებით ჩვენებაში კობაურს რაიან სმიტთან რაიმე სახის ფიზიკური დაპირისპირების თაობაზე არაფერი უთქვამს. მკვლელობის დეტალების გახსენებისას ის ამბობდა, რომ უცხოელმა მამაკაცმა შენიშვნა თოფის არასწორად დადების გამო მისცა, რასაც მათ შორის ჯერ შელაპარაკება, შემდეგ კი ორი გასროლა მოჰყვა.
დაკავებულის ადვოკატის მტკიცებით, რაიან სმიტის სხეულზე არსებული სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები იმაზე მეტყველებს, რომ მას თავდამსხმელთან ფიზიკური დაპირისპირება მოუწია, ხოლო კობაური თავდამსხმელის როლისთვის ძალიან სუსტია.
კობაურმა სმიტების ოჯახის მკვლელობა, აღიარებითი ჩვენების მიცემიდან მალევე უარყო.
19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი გაადვილების მიზნით ორი ან მეტი პირის მიმართ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, მას 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.