სკანდალური სატალეფონო ჩანაწერი, რომელშიც „იბერიას“ დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ბიზნესში არსებული პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელევიზიის დათმობას სთავაზობს-„იბერიას“ პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი არჩილ გამზარდია ადასტურებს, რომ ლევან ყიფიანის გარდა, კიდევ არიან სხვა მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც ცდილობენ „იბერიას“ ხელში ჩაგდებას.
„ეს ჩანაწერი პრაქტიკულად სრულ სახეს ქმნის, თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი მაღალჩინოსანი და მასთან დაახლოებული პირები კონკრეტული მედია საშუალებების „ახევას,“ როგორ აღიზიანებს ხელისუფლებას კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალება,“-განაცხადა არჩილ გამზარდიამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება დაკავებულია ბიზნესის და კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ტერორით.
მისივე თქმით, მას ამ ჩანაწერში კარგად ეცნობა ფრაზა-„რუსთავი ორზე უარესია.“ არჩილ გამზარდია ამბობს, რომ მაშინ როდესაც ის მუშაობდა GDS-ში და ასევე ჰქონდა მჭიდრო შეხება ბიძინა ივანიშვილთან და მასთან დაახლოებულ პირებთან, მსგავსი ფრაზები მას არაერთხელ მოუსმენია.
„ვიცი ის სივრცეები, სადაც მსგავსი თემები ირჩევა. მე მსგავსი ფრაზები გამიგია სხვა ტელევიზიებთან მიმართებაში, რომელმაც საკმაოდ სამწუხარო აწმყო მოიტანეს. ახლა ჯერ ჯერობით მთელი ეს იერიში მიდის რუსთავი ორზე და რუსეთავი ორზე უფრო კრიტიკულზე- იბერიაზე,“-განაცხადა არჩილ გამზარდიამ.