ტელეკომპანია "იბერიას" თანამშრომლები მთავრობის ადმინისტრაციას აქციას მართავენ. ისინი ადმინისტრაციის შენობასთან ტელეკომპანიიდან მსვლელობით მივიდნენ.
აქციის გამო ამ დროისთვის ტელეკომპანიას მაუწყებლობა შეწყვეტილი აქვს.
"იბერიას" ხელმძღვანელები და თანამშრომლები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ და მისი შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
ტელეკომპანიის თანამშრომლებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მხარდამჭერები დახვდნენ, მათ შორის, ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს წარმომადგენლები.
საპროტესტო გამოსვლა ჟურნალისტებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანიის დათმობაზე ესაუბრება.