მმართველი გუნდის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური იყოს. თუმცა „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ნებისმიერი შემთხვევაში არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.
„პროგნოზირება არ არის კარგი საქმე განსაკუთრებით ასეთ პროცესში, როდესაც საქმე ეხება პრეზიდენტის არჩევნებს. ქალბატონი სალომე საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს ამ არჩევნებში თუმცა ეს პირველ ტურში მოხდება თუ მეორეში მარტივი არ იქნება ამ პროგნოზის გაკეთება. მე იმიტომ არ ვაკეთებ პროგნოზს, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოების აქტიურობა. გამომდინარე იმ ფორმატიდან და იმ პასუხისმგებლობიდან და ფუნქციებიდან რომლებიც აკისრია დღევანდელ პრეზიდენტს არ არის გამორიცხული, რომ აქტიურობა იყოს უფრო ნაკლები ვიდრე ეს არის საპარლამენტო არჩევნებში,“-განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ დარეგისტრირებულ კანდიდატებს შორის სალომე ზურაბიშვილის ერთადერთია, რომელსაც აქვს რეალური შანსი გაიმარჯვოს პირველივე ტურში.
„აქვს შანსი პირველივე ტურში გაიმარჯვოს. მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე საზოგადოებაში და რა თქმა უნდა მისი ხასიათიდან გამომდინარე რომელსაც მე კარგად ვიცნობ და დამიჯერეთ ის ნამდვილად დამოუკიდებელი იქნება,“-განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.