17 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
გაცილებით სერიოზული პრობლემაა, როცა ამ ფაქტს იყენებენ მედიის დასაშანტაჟებლად - სამოქალაქო სექტორი სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით პასუხებს ითხოვს

მნიშვნელოვანია, არ დარჩეს კითხვები პასუხების გარეშე ვინაიდან ყოველი ასეთი შემთხვევა ავნებს მედიის თავისუფლებას საქართველოში - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძე, ტელეკომპანია "იბერიას" დამფინანსებელი კომპანიის შესახებ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერზე საუბრობს.

სულხან სალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს იმ ჩანაწერის ავთენტურობა, სადაც „ომეგა ჯგუფის“ პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ უჩა მამაცაშვილისთვის 2 მილიონი დოლარის გადახდაზეა საუბარი.

სალაძე ამბობს, რომ „რუსთავი2“-ის მიერ მოპოვებულ ჩანაწერზე, სადაც სანდო წყაროს მტკიცებით ერთმანეთს ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და კომპანია ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელი ესაუბრებიან გამოძიება უნდა დაიწყოს.

გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლები.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე აცხადებს, რომ გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიების დაწყება სამართალდამცველი უწყებების პირდაპირი ვალდებულებაა. გარდა ამისა, ანდღულაძე ფიქრობს, რომ აუცილებელია გამოძიებამ ჩანაწერთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცეს, მათ შორის დაადგინოს ჩანაწერის ნამდვილობა.

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი კი ამბობს, რომ იკვეთება მედიის ინსტრუმენტალიზაციის საფრთხე.

„მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტთა უფლებები იყოს დაცული. ისიც პრობლემაა თუ ბიზნესი იყენებს მედიას თავის ეკონომიკური ინტერესებისთვის, მაგრამ გაცილებით სერიოზული პრობლემაა, როცა ამ ფაქტს იყენებენ მედიის დასაშანტაჟებლად“-ამბობს კინწურაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები