ექსპერტები განათლების სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ. მკვლევრები განათლების სამინისტროში მიმდინარე სისტემურ ცვლილებებსა და საკადრო წმენდას აფასებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ა ღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, ამბობს, რომ ორგანიზაცია წლების მანძილზე აკვირდებოდა განათლების რეფორმისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ზრდას. გიგაურის თქმით, იმის მიუხედავად, რომ წინა წლებთან შედარებით, ყოველ მომდევნო წელს განათლების სამინისტროს მზარდი ბიუჯეტი ჰქონდა, ეს ხარისხზე არ ასახულა.
„ჩვენ ვუყურებდით ბიუჯეტის ხარჯვას და ვაკვირდებოდით, თუ როგორ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები განათლების ხარისხის ზრდასთან. ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ განათლებაზე მეტი ფული იხარჯება, წლების განმავლობაში ხარისხი მაინც არ მატულობს და ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას არა აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ ჩაატაროს რეფორმები განათლების სისტემაში,“ - ამბობს ეკა გიგაური.
განათლების სისტემაში ძირეული რეფორმის შესახებ საუბრობს განათლების მკვლევარი
რევაზ აფხაზავა. მისი თქმით, წლების მანძილზე სამინისტროში მხოლოდ საკადრო წმენდა ხდებოდა.
„მივეჩვიეთ, რომ წლების განმავლობაში მხოლოდ მინისტრები და დოკუმენტები იცვლებოდა და განათლების სისტემაში არსებითად არაფერი იცვლებოდა. მოლოდინი მაქვს, რომ თვისობრივი ცვლილებების წინაშე დავდგებით,“ - ამბობს აფხაზავა.
მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობიდან 6 მაღალჩინოსანი გაათავისუფლა და მიზეზად სწორედ სისტემური პრობლემები დაასახელა.
კურიერი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა განათლების სამინისტროს უკვე ყოფილ თანამშრომლებთან დაკავშირებას, თუმცა, ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.