მმართველი გუნდი უკვე აღარ მალავს, რომ მარიხუანის მოყვანის და ექსპორტზე გატანის საკითხი საკანონმდებლო დონეზე განიხილება.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე, ღიად აცხადებს, რომ დისკუსია ამ თემაზე ქართული ოცნების ოფისში გუშინ გამართულ შეხვედრაზეც იყო, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
ზოიძე ამბობს, რომ პროექტი ნედლი სახით მარიხუანის ექსპორტს გამორიცხავს და მხოლოდ პროდუქციის გატანაზეა საუბარი, რასაც შსს და მთავრობაც იზიარებს.
„იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთ საკითხზე საუბარი, დისკუსია პრინციპზე, რომ საექსპორტოდ, ხაზს ვუსვამ, მხოლოდ საექსპორტოდ, სამედიცინო მიზნით და ფარმაცევტული მიზნით წარმოებისათვის. აზრთა სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ იმიტომ არის, რომ ძირითადში იმის გამო, რომ სტიგმატიზებულია ეს თემა, სტერეოტიპების ტყვეობაში ვიმყოფებით, მე თუ მკითხავთ. ნედლზე არ არის, პროდუქტებზეა საუბარი, რაც თავისთავად გამორიცხავს ნედლი სახით ექსპორტს. პროდუქცია უნდა მოხდეს საექსპორტოდ. მე ვიცი, რომ შსს-ს პოზიციაც იგივეა, მთავრობის პოზიციაც იგივეა ამ კუთხით,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მარიხუანის მოყვანის და ექსპორტის ლეგალიზაციაში საფრთხეს ხედავს ოცნების რამდენიმე წევრი. მათ შორის არის მარიამ ჯაში, რომელიც ამბობს, რომ ამ საკითხთან მიმართებაში კითხვები აქვს.
„დღევანდელი მდგომარეობით აბსოლუტურად უკონტროლო სიტუაცია გვაქვს. ბუნებრივია, როდესაც საუბარია მარიხუანის მოხმარების შემზღუდველ ღონისძიებებზე და იმ ჯაჭვზე, რომელიც უკავშირდება მარიხუანის მოხმარებას და იგივე რეალიზაციის კონტროლს, არსებობს დამატებითი კითხვები, რომელიც ჩნდება. ჩემთვის ისევ და ისევ ეს ინიციატივა არის ძალიან ნაადრევი. მრჩება კითხვები, ვხედავ რისკებს, როგორც შიდა, ასევე გარე რისკებს,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.