17 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შეხვდნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის თავმჯდომარემ და თანამშრომლებმა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე ოპტიმიზაციის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს გააცნეს.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საკადრო პოლიტიკასა და შრომით ხელშეკრულებებზე.

პროფკავშირების შეფასებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში შრომითი პოლიტიკა შესაცვლელია და მიაჩნიათ, რომ შეთავაზებული ხელშეკრულებები გაუმართლებელია.  

ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია შრომის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა, რომელიც განსაზღვრავს თანამშრომლების რაოდენობასა და პოზიციას.

ზაუტაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ოპტიმიზაცია ისე ჩატარდეს, რომ თანამშრომლებს უთანასწორობის განცდა არ ჰქონდეთ.

„ასევე ვისაუბრეთ იმ თემებზე, რომელიც ფინანსურ თემებს ეხება. გვინდა რიგგარეშე აუდიტის მოწვევა და შეხვედრა პარლამენტთან, რადგან ვფიქრობთ, რომ საბოლოო პასუხისმგებელი ჩვენთან შექმნილ ვითარებაზე მაინც არის საქარველოს პარლამენტი,“ - ამბობს ზაუტაშვილი.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, აუცილებელია ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან არის დაკავშირებული, პასუხი დროულად გაეცეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ხედავენ არაერთ პრობლემას, რომელიც არის არხზე. ეს ეხება, როგორც შრომით პოლიტიკას და ბოლო პერიოდში დაწყებულ ოპტიმიზაციის პროცესს, ასევე ეხება სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხს. აუცილებელია, ამ კითხვებზე მათ და საზოგადოებას გაეცეს ნათელი პასუხები და გაეცეს დროულად,“ - ამბობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი.

დღის ამბები