ეკლესია დაგიპირისპირდებათ - პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. ეს განცხადება მეუფე იაკობმა საპატრიარქოს უნივერისტეტში განხილვის დროს გააკეთა. შს სამინისტროს წარმომადგენელი მღვდელმთავრებს არწმუნებდა, რომ მარიხუანის კულტივაცია და ექსპორტზე გატანა, საფრთხის შემცველი არ არის.
მღვდელმთავრები საქართველოში კანაფის მოყვანის რისკებსა და დეკრიმინალიზაციის საფრთხეებზე საუბრობენ.
„ეკლესია დიდი ხანი დუმდა, ალბათ, ბევრმა იფიქრა, რომ რაღაც პროცესები რომ მიმდინარეობდა, დავსუსტდით და თუ აინტერესებს ვინმეს ჩვენი ძალა, არავის ვემუქრები, ნახავენ აუცილებლად ჩვენს ძალას. ბოდიშს ვიხდი ასეთი საუბრისთვის, მაგრამ ჩვენი ერის ღალატს არავის ვაპატიებ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ეს ყველამ იცოდეს. დიდი მადლობა, შენდობას ვითხოვ,“- განაცხადა მეუფე იაკობმა.
დისკუსიაში ჩაერთო მეუფე მელქისედეკიც, რომელმაც სასულიერო პირებს პარლამენტზე ზეწოლა ურჩია, რათა მათ არ დაამტკიცონ კანონპროექტი, რომელიც საქართველოში კანაფის პლანტაციების გაშენებას ლეგალურს გახდის.
„ვინ აირჩია ეს მოსამართლეები, პასუხისმგებლობას პარლამენტი იღებს? არავისთვის მისაღები არ არის ეს გადაწყვეტილება. პარლამენტი იღებს პასუხისმგებლობას?“- განაცხადა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა.