12 ოქტომბერი 2024,   16:06
ვრცლად
კორუფციული სკანდალი ზუგდიდის მერიაში - რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მერს და მის მოადგილეს ქრთამის აღებაში ადანაშაულებს

ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ, თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც შეიტყო, რომ „შაბათის კურიერი“ მის შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე ჩანაწერს ფლობდა. სამშაბათს ქალაქის ვიცე-მერის, გია გულორდავას გაღიზიანება „რუსთავი 2"-ის შეკითხვას მოჰყვა, რომელიც კორუფციულ გარიგებებში მის მონაწილეობას ეხებოდა.

ჟურნალისტური გამოძიებას კურიერი იმ ფარულ ჩანაწერზე აკეთებს, რომელიც ერთი-ერთი ბიზნესმენის მიერ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის დიდი ოდენობით ქრთამის მიცემას ეხება. საუბრიდან, რომელიც ფარულად არის ჩაწერილი, ირკვევა, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა აუქციონში გამარჯვების სანაცვლოდ, წინასწარ ზუგდიდის მერს და მის მოადგილეს ქრთამი მისცა, თუმცა პირობა დაირღვა და ზურაბ კვირკვიას სასურველი ტერიტორიები არ გადასცეს.

ვრცელ ჩანაწერში ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია, დეტალურად ჰყვება კორუფციული გარიგებების შესახებ და აზუსტებს, ვის რამდენი ფული მისცა. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენ კვირკვიას ზუგდიდში დაბალ ფასად ავტოვაგზლის, რკინიგზის სადგურისა და გულუას პარკის შეძენა სურდა. დღეს ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას განცხადება არ გაუკეთებია. განმარტებებს არ გაუკეთებიათ ფარული ჩანაწერის სხვა ფიგურანტებსაც.

ზუგდიდის მერის ყოფილი მოადგილე, გია გულორდავა „ქართული ოცნების“ წევრის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარის, გოგა გულორდავას მამაა. დეპუტატმა სატელევიზიო განცხადების გაკეთება არ ისურვა. მხოლოდ ის თქვა, რომ მამის საქმიანობაში არ ერევა და შესაძლო კორუფციული გარიგების დეტალები გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსნების შესაძლო კორუფციული გარიგებისა და სკანდალური ფარული ჩანაწერის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი იყო, თუმცა სუს-მა ფაქტზე გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც „კურიერმა“ ფარული ჩანაწერი 12 საათზე ეთერში გაუშვა.

"კურიერს" სკანდალური ფარული ჩანაწერი კახა მიქაიამ გადასცა. 2012 წლამდე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ სამეგრელოში, განსაკუთრებით კი ზუგდიდში მსგავსი კორუფციული გარიგებები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. კახა მიქაია საქმის ყველა ფიგურანტის დასჯას ითხოვს.

შესაძლო კორუფციულ ფაქტებს ხელისუფლების ოპონენტები გამოეხმაურნენ. ოპოზიცია იმ სქემაზე საუბრობს, რომლითაც „ქართული ოცნება“ და მისი ადგილობრივი წარმომადგენლობა ზუგდიდში მუშაობს. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ზუგდიდის უკვე ყოფილი მერის გათავისუფლება ქართულ ოცნებაში შიდა დაპირისპირებას უკავშირდება.

ოპოზიციის ბრალდებებს დღეს საქმის მთავარი ფიგურანტების ნაცვლად პარტიის ლიდერებმა პასუხობდნენ. „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს არ დაუმალავს, რომ ფაქტზე კითხვის ნიშნები არსებობს. კახა კალაძემ დღეს თანაგუნდელებს გაფრთხილება მისცა და თქვა, რომ ყველა მკაცრად დაისჯება, ვისი ბრალეულობაც საქმეში გამოიკვეთება.

 

 

ავტორი: ემა გოგოხია.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები