მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ კანონმდებლები საპარლამენტო სესიაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პაკეტის მიზნად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა სახელდება. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ცვლილება მცენარე კანაფისგან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით ინდივიდის თავისუფლებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საჭიროებებს შორის სამართლიანი და გონივრული ბალანსის უზრუნველყოფაა. პაკეტის მხარდაჭერაზე ოპოზიცია უარს აცხადებს.
"ჩვენ ვარეგულირებთ უმკაცრესი რეგლამენტაციით იმას, რომ 21 წლამდე ახალგაზრდამ არ მოიხმაროს ეს იყოს დასჯადი, ასეთივე 21-წლამდე ადამიანის ჩათრევა, წაყოლა, წახალისება მარიხუანას მოხმარებაში იყოს სისხლის სამართლით დასჯადი,"-აცხადებს აკაკი ზოიძე.
პაკეტის მხარდაჭერაზე ოპოზიცია უარს აცხადებს. ევროპულ საქართველოში განმარტავენ, რომ კანაფის თემა საზოგადოებაში დიდი მღელვარებას იწვევს.
"ისევ იგივე მოვლენასთან გვაქვს საქმე, ჯერ მოქმედებენ და მერე ფიქრობენ. მაშინ როცა მთავარი აქცენტი უდნა იყოს ზოგადად ამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გადმოთარგმნაზე საკანონმდებლო რეალობაში. საზოგადოებას რა თქმა უნდა აწუხებს ეს მითიური პლანტაციები და ვინ ნახავს აქედან სარგებელს,"-აცხადებს გიორგი კანდელაკი.
კანაფთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე ხელისუფლებას აკრიტიკებს "ნაციონალური მოძრაობაც." სალომე სამადაშვილის თქმით, მოხმარებაზე სასჯელის მოხდა არასწორია, თუმცა კულტივაციაზე საუბარი არ უნდა იყოს.
"მე არ მიმაჩნია რომ ადამიანები უნდა იხდიდნენ სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად მსგავსი საქციელისთვის, თუმცა ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი მოძრაობა, რომელიც მიმართულია იქითკენ რომ მოხდეს ლეგალიზაცია კულტივირების მარიხუანის და კანაფის,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი.