17 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
"ტერმინალში დავწვავ მანქანას" - განბაჟების ეკონომიკის ზონასთან შეკრებილი მძღოლები ხელისუფლებას ვადას 6 საათამდე აძლევენ

ლილოს მიმდებარედ, განბაჟების ეკონომიკის ზონასთან შეკრებილი მძღოლები ფინანსთა მინისტრს ვადას 18:00 საათამდე აძლევენ.  თუ მათ ხორბლის გადაზიდვის უფლებას არ მისცემენ, აქციის მონაწილეები რადიკალური ზომებით იმუქრებიან. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ტრაილერის მძღოლებმა თბილისის სხვადასხვა ცენტრალური გზა გადაკეტონ.

"ქვეყნის მასშტაბით 1500-მდე ტრაილერი მოძრაობს, რომელიც მძღოლი სად იმყოფება ეს ჩვენც არ ვიცით და რომელი მძღოლი გადაწყვიტავს, როდის გადაკეტოს გზა არც ეს ვიცით ჩვენ. ამიტომ კიდევ ერთხელ თხოვნის სახით მივმართავთ ხელისუფლებას, მიიღონ ბრძნული გადაწყვეტილება. შეცვალონ გადაწყვეტილება,“-განაცხადა აქციის მონაწილემ გიორგი ბუთხუზმა.

აქციის მონაწილეებს ფინანსთა მინისტრმა შეხვედრა შესთავაზა თუმცა მედიის გარეშე. მძღოლები კი ამბობენ, რომ ამ შეხვედრას მხოლოდ კამერების თანდასწრებით დათანხმდებიან.

„ჩვენთვის წარმოუდგენელია რატომ უნდა შევხვდეთ ჩვენი ქვეყნის მინისტრს, რომლესაც ეშინია ტელევიზიის დასწრება. ველოდებით უკვე 2-3 დღეა და ფეხებზე დაგვიკიდა და გარეთ გამოგვყარა. ეგ არ არის ხალხის მინისტრი. ეგ არის კორუფციაში ჩამხრჩვალი მინისტრი,“-განაცხადა მურაზ ნარიმანიძემ.

მძღოლები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი მზად არიან ტერმინალთან საკუთარი მანქანებიც კი დაწვან.

„ყველანაირ ფორმებს მივმართავთ, მანქანებსაც დავწვავთ და ყველანაირ ფორმას მივმართავთ. რად მინდა მანქანა თუ ვერ ვამუშავებ, აი აქ დავწვავ ტერმინალში მანქანას,“-განაცხადა გიორგი ჯოჯიშვილმა.

პარალელურად, განბაჟების ეკონომიკის ზონასთან პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ეჭვობენ, რომ შსს მათ წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს. 

ავოტორი: ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები