საბურთალოს ქუჩის მაცხოვრებლები კლდის უკანონო დემონტაჟსა და მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.
მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიამ რამდენიმე წლის წინ გასცა და მას ჩინური კომპანია გეგმავს.
„ბატონ კახი კალაძეს პირადად მივმართავ თხოვნით, იქნებ გამონახოთ დრო, პატივცემულო, ადგილზე მობრძანდეთ და ნახოთ, რამხელა საფრთხე ემუქრება ცინცაძის 85 კორპუსს, პირველ ექსპერიმენტულ სკოლას, საირმის კიბეს, რომლითაც სარგებლობს 3 ათასამდე მოსწავლე და მის გადაკეტვას აპირებენ. ძალიან გთხოვთ, ბატონო კახი, კეთილი ნება გამოავლინოთ, მობრძანდეთ და თავის დროზე ნარმანია-მოსულიშვილის თაღლითურ სქემას, რომელზეც ხელი მოაწერა ნარმანიამ და შემდეგ შოთა გეწაძემ, სააპელაციო სასამართლოზე ერთპიროვნულად გააუქმა ჩვენ მიერ პირველი ეტაპი მოგებული სასამართლო განაჩენი და შემდეგ ნებართვა დატოვა ძალაში,“ - განაცხადა ადგილობრივმა, თამარ ორმოცაძემ.
ადგილობრივები მერიისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივ აქციებს აანონსებენ.
„იძულებული ვიქნებით, მივმართოთ რადიკალურ ზომას და გადავკეტოთ ქუჩები და გამოვაცხადოთ უვადო დაუმორჩილებლობა. აქ კატასტროფა შეიძლება, მოხდეს და მერე უკვე გვიანი იქნება და პასუხისმგებლობა დაეკისრება მერიას და იმ თანამშრომლებს, ვინც უკანონობაში იღებენ მონაწილეობას,“ - აცხადებს ადგილობრივი თემურ ასათიანი.