„ამ არჩევნებში სისტემური ხასიათი მიიღო ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებულმა fake news-ების კამპანიამ," - ეს განცხადება, გიორგი ვაშაძემ ინტერნეტ სივრცეში არსებული ყალბი ახალი ამბების შესახებ გააკეთა.
”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გაყალბებული ახალი ამბებით პოლიტიკური ბრძოლის შემთხვევები გახშირდა. შესაბამისად, ასობით ათასი იხარჯება ინტერნეტ სივრცეში ასეთი ყალბი ამბების ტირაჟირებისთვის.
გაერთიანებული ოპოზიციის მოძრაობის წევრები რეაგირებას აუდიტის სამსახურისგან ითხოვენ და ამბობენ, რომ შესასწავლია ამ მიმართულებით დახარჯული ფინანსების წარმომავლობა.
„ამ არჩევნებში სისტემური ხასიათი მიიღო ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებულმა fake news-ების კამპანიამ. აუდიტის სამსახური, რომელსაც აქვს ვალდებულება გააკეთოს ყველა დანახარჯის მონიტორინგი საარჩევნო თვალსაზრისით, უნდა მოახდინოს დაუყოვნებლივ მონიტორინგი იმ ფინანსური რესურსების, საიდანაც ფინანსდება რეკლამები ამ fake news-ების. მან უნდა დაიწყოს თანამშრომლობა მათ შორის facebook-თან, სოციალურ ქსელებთან და ეს მონიტორინგი შეუძლიათ უპრობლემოდ გააკეთონ. ჩვენ ვაპირებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადამკვირვებლოებს მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შევქმნათ სისტემური მექანიზმი, როგორ გამოვავლენთ fake news-ების გამავრცელებელ ექაუნთებს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.