ხმაური ფონიჭალაში - ადგილობრივი მოსახლეობა თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავს.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, მათ აქციის დაშლაც სცადეს თუმცა უშედეგოდ.
შეკრებილი ადამიანები სამშენებლო ტექნიკას მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ. ადგილობრივები ინფრასტრუქტურის მინისტრის ადგილზე მისვლას ითხოვენ.
მათი თქმით, სამშენებლო პროცესმა შესაძლოა სახლების ნგრევა გამოიწვიოს, რის გამოც ისინი გასახლებას მოითხოვენ.
ადგილობრივების მოთხოვნებზე განმარტება ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბათუმიდან გააკეთა, სადაც ის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდა.
„სამწუხაროა რომ მოსახლეობის პროტესტი ხანდახან არ არის ობიექტური და ეს არის ის შემთხვევა სწორედ. ჩვენ გვაქვს შესწავლილი სახლების მდგომარეობაც, ისევე როგორც მიმდინარე სამუშაოების არეალი და ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მიმდინარე სამუშაოები საფრთხეს არ უქმნის მოსახლეობას,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.