შვილმოკლული მამების პროტესტი გრძელდება. პარალამენტის შენობასთან ისინი ახალგაზრდებთან ერთად შეიკრიბნენ და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. აქცია-პერფორმანსში ახალგაზრდებთან ერთად, შვილმოკლული მამებიც მონაწილეობენ. მოთხოვნა უცვლელია - ისინი ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.
პარლამენტის შენობასთან ახალგაზრდებმა პლაკატები მიიტანეს და საზოგადოებას მოუწოდეს, რომ შვილმოკლულ მამებს გვერდით დაუდგნენ.
შვილმოკლული მამები პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურნენ, სადაც კობახიძემ პროტესტს „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია უწოდა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის მიერ მართულები არიან.
„მთელი ხელისუფლება კობახიძის ჩათვლით, არიან ვირთხის დღეში. აღარ იციან, რა თქვან ამ საქმესთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ყველანი სუბელიანის შნირები არიან, რომელთაც უნდათ ამ აქციას სისულელე ელფერი შესძინონ. რას ჰქვია „ნაციონალების“ აქცია და რას ჰქვია „ოცნების“ აქცია. მოვითხოვ, „ოცნების“ დეპუტატები და მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბონ ერთ დღეს, მივალ, რომელ დღესაც უნდათ და პირდაპირ დაველაპარაკები და დავსვამ რამდენიმე კითხვას. ვნახოთ, რა პასუხს გამცემენ. ყველა სუბელიანის მონაა, სუბელიანი ყველას თავის ჭკუაზე ათამაშებს, რომ კალანდია პასუხისგებაში არ მისცენ. სუბელიანის დაკავება იყო შეთანხმება, რომ აუცილებლად უნდა ჩამჯდარიყო, რომ ის მუხტი ჩამქრალიყო ხალხში,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც მიმართავს, რომ გვერდით დაუდგნენ, თუმცა შვილმოკლულ მამას ამის იმედი არ აქვს.
„თუ დგას აქ 10 „ნაციონალი,“ მაშინ გამოვიდეს ეს კობახიძე და მოიყვანოს 9 ადამიანი, თვითონ მე-10 იქნება. დამიდგეს, მაშინ სხვები იტყვიან, რომ „ქოცები“ დგანან მაგათ გვერდითო. დაგვიდგეს მაშინ გვერდით. თუ გააჩნიათ ადამიანობა, სინდისი, ნამუსი, ცოტა მაინც ქართული სისხლი, ქართული კაცობა. მე ამათ ვერ გავუგე. ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები არიან, თვით იესო ქრისტე რომ დადგეს ჩვენ გვერდით, მაინც რაღაც მიზეზს მოძებნიან,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.