პირველი ოქტომბრიდან დედაქალაქის ქუჩებში თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ. დედაქალაქის მერის განცხადებით, ეს ფერი სავალდებულო იქნება. გარდა ამისა, ტაქსის სერვისის გაწევას ვერ შეძლებენ მარჯვენასაჭინი და სამკარიანი ავტომობილები.
როგორც კახა კალაძემ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა ლიცენზირებული ტაქსებისთვის ქალაქში საპარკინგე ადგილები უფასო იქნება.
„ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო.
საუბარია ფერზე და ჩვენ ძალიან ბევრი მსჯელობა გვქონდა ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ თეთრი ფერი იყოს ტაქსებისთვის სავალდებულო. 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი ავტომობილები და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას,”-განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, ამ ეტაპზე, 6 200-ზე მეტი ნებართვაა გაცემული. პირველი ოქტომბრიდან აღნიშნული სერვისის გაწევა ლიცენზიის გარეშე 200 ლარით დაჯარიმდება.