პარლამენტის შენობასთან, შვილმოკლული მამების აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დღის სამი საათისთვის რუსთაველის გამზირზე მიმავალი ზაზა სარალიძე პოლიციამ გააჩერა და ავტომობილის ჩხრეკა დაიწყო. დაპირისპირება მათ შორის მისი მანქანიდან საველე კარვისა და პირადი ნივთების ამოღებას მოჰყვა.
„ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ სამართალდამცველები სარალიძის დაკავებას.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ამტკიცებს, რომ პოლიცია მის წინააღმდეგ უკანონოდ მოქმედებდა. ზაზა სარალიძის ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის გაშლის ნებართვა რამდენიმე დღით ადრე მიიღო.
რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტზე რეაგირებისთვის გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში განაცხადა. ჟურნალისტი ფაქტის სამართლებრივ შეფასებასა და დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვს.
კანონის ნორმა, რომლის საფუძველზეც შვილმოკლულ მამებს რუსთაველზე კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევენ, პოლიციას მათთვის არ განუმარტავს.
ინციდენტის შემდეგ ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველზე კარვის გაშლა კიდევ ორჯერ სცადეს, თუმცა ორივეჯერ უშედეგოდ.
პარლამენტის შენობასთან „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელიც მივიდა. დავით სუბელიანის თქმით, დაპირისპირების კადრების ნახვის შემდეგ სახლში გაჩერება ვერ შეძლო.
პარლამენტთან შვილმოკლული მამების მხარდასაჭერად პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ. ისინი მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
გამოძიების დაწყების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს ზაზა სარალიძემ შესაძლოა, სხვა ფაქტებზეც მიმართოს. ამ შემთხვევაში საუბარია დოკუმენტებზე, რომელთა დახმარებითაც, შვილმოკლული მამა იმის დამტკიცებას შეეცდება, ვინ და როგორ გააყალბა მისი შვილის მკვლელობის საქმე.
დეტალებზე სარალიძე არ საუბრობს, თუმცა მიანიშნეს, რომ საუბარია ფულზე, რომელიც გამოძიებაში ჩართულ პირებს გადაუხადეს.
სარალიძეს შეკითხვა ეკა ბესელიასთანაც აქვს. მას აინტერესებს, რატომ არ დაესწრო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის გამოკითხვას.