25 წელი სოხუმის დაცემიდან - სახელმწიფო უწყების შენობებზე გამთენიას გლოვის ნიშნად საქართველოს დროშები დაუშვეს.
გმირთა მოედანზე კი მოქალაქეების შეკრება ღამითვე დაიწყო. მემორიალთან მივიდნენ პლატფორმა ”აფხაზთა კრების” წარმომადგენლები.
„ეს კედელი საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის მაჩვენებელია იმისა, თუ რა ფასი გადაიხადა ქართველმა ერმა სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში,“-განაცხადა მალხაზ პატარაიამ.
პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა ტრადიციულად აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სახელების და გვარები წაიკითხეს. გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.
„თითოეული ჩვენი მოქალაქის ვალია, რომ კიდევ ერთხელ დავდოთ პირობა, რომ ჩვენ არა მარტო დაღუპულებს არ დავივიწყებთ, არამედ დავაბრუნოთ ყველა დევნილი, რომელიც ეთნიკური წმენდის შედეგად იქნა გამოდევნილი, როგორც სოხუმიდან ისე ცხინვალიდან,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა გია ბარამიძემ.
დღეს გმირთა მოედანზე პოლიტიკოსების გარდა ომში დაღუპულების ოჯახის წევრებიც მივლენ.