"ომეგა ჯგუფის" საქმეზე პროკურატურამ ამავე ჰოლდინგში შემავალი კომპანიების დირექტორების გამოკითხვა დაიწყო. დღეს თბილისის პროკურატურაში მივიდა ომეგა 2-ის დირექტორი. როგორც გიორგი ქურდაძემ განაცხადა, ის გამოძიებას მის ხელთ არსებულ ყველა სახის ინფორმაციას მიაწვდის.
„შევალ გავესაუბრები. ვნახოთ რა იქნება. ყველაფერი რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ გამოძიება წარიმართოს ნორმალურად ყველაფერს მივაწვდით,“-განაცხადა ომეგა 2-ის დირექტორმა გიორგი ქურდაძემ.
ომეგა ჯგუფის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, იქნება ყველა იმ ადამიანზე საუბარი, რომლებიც ფიგურირებენ სკანდალურ ჩანაწერებში. საუბარია ჩანაწერებზე, რომელშიც სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და ხელისუფლების მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. ასევე ერთ-ერთ ჩანაწერში საუბარია, სახელისუფლებო სავარაუდო რეკეტზე. რადგან "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელს "ქართული ოცნების" ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2.5 თეთრს ჩარიცხვას სთხოვენ.
„იქნება იმ ადამიანებზეც საუბარი, რომლებსაც ჰქონდათ ამ საქმესთან დაკავშირებით შემხებლობა და შესაძლოა, რომ გამოძიებამ დაადგინოს, რომ ეს შემხებლობა არ ისეთი კანონიერი იყო. რა თქმა უნდა ეს გამოძიების დასადგენია მაგრამ ჩვენი მხრიდან აუცილებლად მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ ამასთან დაკავშირებით. თქვენ მოისმინეთ იმ ჩანაწერებში, რომ უშუალოდ მოლაპარაკება, როგორც ხედავდით მოდიოდა და აწარმოებდა ლევან ყიფიანი მაგრამ იმ ჩანაწერების აუთენტურობის დადგენის შემთხვევაში რა თქმა უნდა უნდა გამოიკვეთოს ის, რომ ლევან ყიფიანი, რომელიც აწარმოებდა ამ მოლაპარაკებას ვისი სახელით აწარმოებდა. იქიდან გამომდინარე, რომ ლევან ყიფიანი არის კერძო პირი. მას არ ავს ძალაუფლება, რომ არც დავალიანება გადაუვადოს ომეგა ჯგუფს. არც იმისა ძალაუფლება არ აქვს აქციზური მარკები მისცეს თუ არა და ა.შ. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა უნდა გამოიკვეთოს ყველა დაინტერესებული პირი,“-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.