საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ის ამერიკის შეერთებული შტატების „ვესტ პოინტის“ სამხედრო აკადემიას ეწვია.
ქვეყნის მთავარსარდალს სამხედრო აკადემიაში აკადემიის ხელმძღვანელმა გენერალ-ლეიტენანტმა, დერილ ვილიამსმა, უმასპინძლა.
საპატიო სტუმრის მისასალმებლად გაისმა 21 სამხედრო ზალპი, რის შემდეგაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. სამხედრო აკადემიის ტეილორ ჰოლის წინ აკადემიის სასულო ორკესტრმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს ჰიმნები შეასრულეს.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტისა და სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელის, გენერალ-ლეიტენანტ დერილ ვილიამსის, შეხვედრა გაიმართა.
გიორგი მარგველაშვილმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის ტაიერის ჯილდოების ოთახში საჩუქრების ოფიციალური გაცვლის ცერმონია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა „ვესტ პოინტის“ აკადემიას ქართული ხმალლი და ფარი უსახსოვრა.
საქართველოს პრეზიდენტისა და ქართული დელეგაციისთვის „ვესტ პოინტის“ აკადემიის ისტორიული ტური მოეწყო, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი კადეტთა კორპუსთან ლანჩს დაესწრო და კადეტებისთვის „ამინისტია“ სიმბოლური შეძახილით გამოაცხადა, რომელიც სტუდენტების ადმინისტრაციული სასჯელისგან გათავისუფლებას გულისხმობს.
საქართველოს პრეზიდენტმა სამხედრო აკადემიაში ვიზიტის ფარგლებში, კადეტებთან შეხვედრა და დისკუსია გამართა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების მჭიდრო პარტნიორობაზე, ამ ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-ს მოკავშირე ქვეყანაა და ქართველი სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ ამერიკელ სამხედროებთან ერთად სამშვიდობო მისიებში.
პრეზიდენტმა აშშ-ს ფუნდამენტურ ღირებულებაზე- თავისუფლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის მთავარ ღირებულებსაც სწორედ თავისუფლებისადმი სიყვარული წარმოადგენს. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველო იყო დიდი იმპერიების სამიზნე და სამწუხაროდ, დღესაც ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი.
ქვეყნის მთავარსარდალთან შეხვედრისას სტუდენტები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებით დაინტერესდნენ. შეკითხვები დაისვა ოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივისა და იმ მოლოდინის შესახებ, რომელიც საქართველოს გააჩნია.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა.
უცხოელ კადეტებს შორის, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას აკადემიის ორი ქართველი სტუდენტი - ზვიად ჯოლოხავა და ლუკა ნადირაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან სამახსოვრო ფოტო გაიდაიღო.