19 დეკემბერი 2024,   16:03
ვრცლად
"ომეგა ჯგუფის" სკანდალური საქმე - ყიფიანი ხელისუფლებისგან ზეწოლას გამორიცხავს და ოქუაშვილის გეგმებსა და დადგმულ ჩანაწერებზე საუბრობს

სკანდალური ჩანაწერების ნამდვილობას ადასტურებს თუმცა განსხვავებული ვერსიით -რამდენიმე კვირიანი დუმილი ლევან ყიფიანმა დღეს დაარღვია. „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მან ჩვენება ჯერ სასამართლოს მისცა, მოგვიანებით კი განცხადება მედიასთან გააკეთა.

სპორტის ყოფილი მინისტრი ადასტურებს, რომ ხელისუფლების სახელით ბიზნეს რეკეტზე საუბრობდა, თუმცა ამტკიცებს, რომ აუდიო მასალა დადგმული იყო.

სპორტის ყოფილი მინისტრი დღეს ე.წ. სარდაფის ინციდენტსაც გამოეხმაურა და კატეგორიულად გამორიცხა, რომ ის ოთარ ფარცხალაძემ გააშიშვლა, აწამა და გაუპატიურებით დაემუქრა.

ფარცხალაძის ეპიზოდი უარყო თუმცა "ომეგას" საქმის მთავარმა ფიგურანტმა TBC ბანკიდან 4 მილიონი ლარის გატანა დაადასტურა. თუმცა სად წავიდა მილიონები ან ვისი დავალებით გამოიტანეს თანხა ბანკიდან, სპორტის ყოფილი მინისტრი არ აკონკრეტებს.

ლევან ყიფიანის განცხადებას მალევე გამოეხმაურა "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი. ზაზა ოქუაშვილი დარწმუნებულია, რომ სპორტის ყოფილ მინისტრზე ხელისუფლების მხრიდან მორიგი ზეწოლა განხორციელდა.

რაც შეეხება აუდიო ჩანაწერებს, მათი ექსპერტიზა ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილებით საფრანგეთში ჩატარდება. რადგან ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ვინაიდან ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა ბიზნესის რეკეტსა და თანხის გამოძალვაზე სამართლებრივი რეაგირება სწორედ ფრანგმა სამართალდამცველებმა უნდა მოახდინონ

კურიერმა დღეს ზაზა ოქუაშვილს ჰკითხა არსებობს თუ არა დამატებით მტკიცებულებები, მათ შორის აუდიო ჩანაწერები, რომელითაც მასზე განხორციელებულ ზეწოლას და რეკეტს დაამტკიცებს, ოქუაშვილი ამ კითხვას ღიად ტოვებს და ბიძინა ივანიშვილს სთხოვს გაასაჯაროოს მათი შეხვედრის ამსახველი ფარული ჩანაწერი.

ზაზა ოქუაშვილი ამტკიცებს, რომ მის კომპანიას დავალიანება ბიუჯეტის წინაშე მას შემდეგ დაუგროვდა რაც უარი თქვა ოცნებისთვის ქრთამი გადაეხადა. სწორედ ამის შემდეგ მას ივანიშვილის დავალებით თამბაქოს რეალიზებაზე კვოტები დაუწესეს, ბიზნესს შეზღუდეს და გაკოტრებამდე მიიყვანეს.

დღის ამბები