19 დეკემბერი 2024,   17:51
ვრცლად
საფრანგეთში მამაკაცს, რომელიც ყოფილ ცოლს ნარკოტიკებით აბრუებდა, აუპატიურებდა და სხვა მამაკაცებს მისი გაუპატიურების უფლებას აძლევდა, 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საფრანგეთის ქალაქ ავინიონის სასამართლომ, 72 წლის დომინიკ პელიკოს, ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი სასტიკი დანაშაულისთვის, 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდების მიხედვით, 2014 წლიდან მოყოლებული, პელიკო თავის ყოფილ მეუღლეს, ჟიზელ პელიკოს სისტემატურად აბრუებდა ნარკოტიკებით, შემდეგ კი საშუალებას აძლევდა სხვადასხვა მამაკაცს, მასზე სექსუალურად ეძალადა.

ამასთან, დომინიკ პელიკო დამნაშავედ ცნეს დანაშაულის ერთ-ერთი თანამონაწილის, ჟან პიერ მარეშალის ცოლის, სილია მარეშალის გაუპატიურების მცდელობაში. მას ბრალად საკუთარი ქალიშვილისა და რძლებისთვის შეურაცხმყოფელი სურათების გადაღებაც ედება.

გამოძიების შედეგად გამოვლინდა კიდევ 50-მდე სხვა პირიც, რომლებიც ამ დანაშაულებში სხვადასხვა ფორმით მონაწილეობდნენ. მათ ნაწილს პატიმრობა მიესაჯა.

ერთ-ერთი მათგანია ჟან-პიერ მარეშალი, რომელიც დამნაშავედ ცნეს თავისი ცოლის გაუპატიურების მცდელობასა და მის დამამძიმებელ გარემოებებში გაუპატიურებაში, ასევე -  მის ნარკოტიკებით გაბრუებაში.

63 წლის მარეშალმა აღიარა, რომ ხუთი წლის განმავლობაში, საკუთარ ცოლს ნარკოტიკებით აბრუებდა, აუპატიურებდა და დომინიკს ცოლის გაუპატიურებას სთხოვდა. მას სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქმეს დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა, რამაც საფრანგეთში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებულ ფოკუსში მოაქცია.

აღნიშნული სასამართლო პროცესი გამოირჩეოდა მისი მასშტაბურობითა და იმით, რომ მსხვერპლმა პირადად მისცა ჩვენება სასამართლოს, რაც მისთვის მძიმე ნაბიჯი იყო, მაგრამ, მისი თქმით, აუცილებელი სამართლიანობის აღსადგენად.

წყარო: BBC

დღის ამბები