19 დეკემბერი 2024,   17:59
ვრცლად
"ნამდვილად მაქვს მოლოდინი, განსაკუთრებით იმ კომუნიკაციაზე დაყრდნობით და იმ მუშაობის შედეგად, რომელიც მრავალი თვეა აშშ-სთან მიმდინარეობს" - თინა ბოკუჩავა სანქციებზე

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ვედანტ პატელმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ აქვს დრო დამატებითი ქმედებების, მათ შორის, სანქციებისთვის.

ოპოზიციაში თვლიან, რომ შტატების მხრიდან ახალი ზომების მიღება "ოცნების" ლიდერების წინააღმდეგ დროული იქნება. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადება დადასტურებაა, რომ ტრამპის ინაუგურაციამდე ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს საქართველოსთან ურთიერთობები უფრო დააზიანოს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ აშშ სანქციებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან და საჭირო ნაბიჯებს გადადგმას.

"ნამდვილად მაქვს მოლოდინი, განსაკუთრებით იმ კომუნიკაციაზე დაყრდნობით და იმ მუშაობის შედეგად, რომელიც მრავალი თვეა უკვე მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. აშშ არ დააყოვნებს ამ გადაწყვეტილებას და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ტრანზიციული ადმინისტრაციის გამოწვევა, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციამ ტრამპის ადმინისტრაციას უნდა გადააბაროს. თუმცა, ამ დროშიც შესაძლებელი გახდება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ამ უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი ნაბიჯის გადადგმა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ ჩადიან დანაშაულს, უფრო და უფრო მეტი იზოლაცია და სანქციები ემუქრებათ.

"ფაქტია, უფრო და უფრო მეტი იზოლაცია და სანქცირება ხდება იმ ადამიანების, რომლებიც ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ ჩადიან დანაშაულს. ამ ვითარებას ისინი ვეღარ შეცვლიან. მეტად როგორ შეიძლება გააფუჭო ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, რაც უკვე გააკეთა "ქართულმა ოცნებამ", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

დღის ამბები