19 დეკემბერი 2024,   17:50
ვრცლად
"დაბრალება, რომ ვიღაც ბიზნესმენი, თეორიულად, გაფიცვებს აანონსებს... ამაზე ეკონომიკური კატასტროფის დაბრალება ნამდვილად არაადეკვატურია" - ირაკლი ფავლენიშვილი

მმართველი გუნდი ოპოზიციის წევრების ინიციატივებს, რომლებიც ბიზნესის გაფიცვის მოწოდებებსა და ახალი ფონდების შექმნას უკავშირდება, ბიზნესზე ზეწოლად აფასებს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება, აქტუალური გახდა ბიზნესის მიმართ მოწოდებები გაფიცვასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მამუკა ხაზარაძეა, რომელმაც, სოციალური ქსელით, ბიზნესს გამაფრთხილებელი გაფიცვისკენ მოუწოდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება თავად ოპოზიციაში.

"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეები არიან და საკუთარ გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ.

"ყველა ბიზნესი იღებს თავის გადაწყვეტილებას. პირველ რიგში, ეს ადამიანები არიან საქართველოს მოქალაქეები. ბიზნესი, პირველ რიგში, არის საქართველოს მოქალაქეების მიერ შექმნილი, ყველა ბიზნესი. საქართველოს მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან ქართლი ოცნების პრორუსულ პოლიტიკას, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები თავიანთ პროტესტს გამოხატავენ მშვიდობიანად ქუჩაში. ათასზე მეტმა ბიზნესმა მოუწოდა "ქართულ ოცნებას" ახალი არჩევნების ჩატარება," - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

შეფასება გააკეთა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

"რა თქმა უნდა, ეკონომიკური კოლაფსის გამომწვევი იქნება ის პოლიტიკა, რომელსაც "ოცნება" აწარმოებს. იმის დაბრალება, რომ ვიღაც ბიზნესმენი, თეორიულად, გაფიცვებს აანონსებს, ამაზე ეკონომიკური კატასტროფის დაბრალება, ნამდვილად არის არაადეკვატური. როცა ქვეყანაში საზოგადოების უდიდესი ნაწილის დაკვეთა არის ევროპული ტიპის სახელმწიფო და შენ ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ეს სახელმწიფო იყოს აზიური ტიპის დიქტატურა, უნდა ელოდო იმას, რომ მოხდება მსგავსი ტიპის სამწუხარო გართულებები ეკონომიკურად და სოციალურად," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

დღის ამბები