საქართველოს მთავარი პროკურატურა მირზა სუბელიანსა და ვიქტორ ჯაფარიძეს შორის 6 ივლისით დათარიღებულ აუდიო ჩანაწერს აქვეყნებს.
როგორც პროკურატურა განმარტავს ჩანაწერის გამოქვეყნება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო გადაწყდა.
როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, მოქალაქე ი.პ-სგან სამი ფარული აუდიო ჩანაწერია ამოღებული, აქედან ერთი „რუსთავი2“-მა უკვე გაასაჯაროვა.
"იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ უკვე გაასაჯაროვა 11 ოქტომბრით დათარიღებული აუდიოფაილი, რომელზედაც სავარაუდოდ მ.ს.-ს, პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის და მოქალაქე დავით ცუხიშვილს შორის მიმდინარე საუბრებია ფარულად ჩაწერილი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავასაჯაროვოთ 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული აუდიომასალაც, რომელზეც სავარაუდოდ კვლავ მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი.
გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, საქმე შესაძლოა გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე,"-განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ.
რაც შეეხება ჩანაწერს, ჩანაწერში, სადაც პროკურატურის ინფორმაციით, მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება მოზარდების მკვლელობის საქმის ფარგლებში არსებული მასალების გაყალბებაზეა საუბარი.
სუბელიანი ამბობს, რომ გამოძიებაში არსებული საქმის მასალების გაყალბება მიხეილ კალანდიას დაპატიმრების მიზნით ხდება.
„უკვე ნერვები აღარ მაქვს, მარტო ვზივარ კაცი. კაცი ყველაფერ გაუძლებს , მაგრამ დამოკიდებულებაა.
ბოლომდე მწირავენ...კალანდიას გაწირვა უნდათ, ვერ ხედავ უკვე ყველაფერზე მიდიან. ამ ბავშვის გაწირვა და დაჭერა უნდათ. იმ დონეზე არიან რომ მტკიცებულებების გაყალბებაზე მიდიან ამ ბაშვის გაწირვა როგორ დავუშვა.
ამ ბავშვს პატრონი აღარ ჰყავს,არც ჩემებს"-ამბობს სუბელიანი.
ჩანაწერში ის რამდენჯერმე უსვამს ხაზს, რომ საპატიმროში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.