თავდასხმა თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 პირი დააკავა. უწყებამ ერთი პირი სისხლის სამართლის წესით ძალადობის ბრალდებით, ხოლო სამი პირი ადმინისტრაციული წესით წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თავს მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო დაესხნენ.
„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
"გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
"პოლიციამ აეროპორტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღეს, რის შედეგადაც ოპერატიულად მოხდა ოთხივე თავდამსხმელის იდენტიფიცირება და დაკავება.
"საპატრულო პოლიციამ მომხდარზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ასევე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
თაკო ჩარკვიანს, რომელიც გრიგოლ ვაშაძის ღია მხარდამჭერია, რამდენიმე პირი თავს იმ დროს დაესხა, როცა ის მეუღლესთან, ჯონი გიგანთან, ერთად აეროპორტში შვილს აცილებდა.
გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი ამბობს, რომ თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ე.წ. ძველი ბიჭები იყვნენ, რომლებმაც მათ ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თაკო ჩარკვიანი თავდასხმას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს, რადგან დაჯგუფების წევრები მათ შეურაცხყოფას სწორედ პოლიტიკური სიმპათიის გამო აყენებდნენ.