19 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიცია, მათ მხარდამჭერებსა და ლიდერებზე განხორციელებული თავდასხმების გამო, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

გაერთიანებული ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ეს გადაწყვეტილება გაერთიანებულმა ოპოზიციამ მათ ლიდერებსა და მხარდამჭერებზე განხორციელებული თავდასხმების და მუქარის გამო მიიღო.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებზე განხორციელებულ ძალადობას პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, ბრიფინგზე გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, თაკო ჩარკვიანს და მისი ოჯახის წევრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ, რა დროსაც მათ ფიზიკურად რამდენიმე პირი გაუსწორდა და ასევე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ბაჩუკი ქარდავას.

ვაშაძის განცხადებით, ამუშავდება ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეები შეძლებენ მსგავსი ინციდენტების დაფიქსირებას.

„გადავდივართ კვლავ საგანგებო რეჟიმზე, სხვა გამოსავალი არ გვაქვს და ვამოქმედებთ ცხელ ხაზს, სადაც თითოეულ ადამიანს, თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც ექნება გარკვეული მსგავსი ინციდენტები 24 საათის მანძილზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. ჩვენი ნომერი არის 032 2 11 02 45 შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ აქ ან ჩვენს რაიონულ შტაბებში, ასევე Facebook-ის მეშვეობით,“ - განაცხადა ვაშაძემ

ვაშაძის თქმით, ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, რომ დაპირისპირებები თავიდან აიცილონ და მოუწოდონ მათ მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ.

„მე მინდა, მოვუწოდო ქართული ოცნების ლიდერებს, ცოტა დაოკდით ხალხნო და დააოკეთ თქვენი ზონდერბრიგადები, რომლებიც დაძრწიან ახლა ქუჩებში. ერთი მოწოდება მაინც გააკეთეთ იმისკენ, რომ მოუწოდოთ მშვიდობისკენ თქვენს ამ კრიმინალებს, რომლებიც თქვენთან ერთად დარბოდნენ საარჩევნო უბნებზე,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ხვალ სამ საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მშვიდობიან აქციას გამართავენ.

დღის ამბები