19 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
თავდასხმა პოლიტიკურ ნიადაგზე - გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფები ხორციელდება

თავდასხმა პოლიტიკურ ნიადაგზე - პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მათთვის უცხო ოთხმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

აეროპორტში თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ თაკო ჩარკვიანს და მის ოჯახს ჯერ სიტყვიერ და შემდეგ ფიზიკურ შეურაცხყოფას მათთვის უცხო მამაკაცები აყენებენ.

სამოყვარულო კადრების გარდა, ქუთაისის აეროპორტის უსაფრთხოების კამერის ჩანაწერებშიც კარგად ჩანს, თუ როგორ ესხმის თავს თაკო ჩარკვიანს და მის ოჯახს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ფიზიკურად უსწორდება ჯონი გიგანს.

ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო. სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს. მათ შორის, ერთ-ერთი თბილისის საკრებულოს პროტოკოლის სამსახურის უფროსი, დავით მაჭავარიანია.

შსს-ს ინფორმაციით, სამი მათგანი, რომლებმაც ჩარკვიანს და მისი ოჯახის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ერთი კი, რომელიც ჯონი გიგანს ფიზიკურად გაუსწორდა, ძალადობის მუხლით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჩარკვიანის ოჯახზე თავდასხმის გამო ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირი 700-700 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დავით მაჭავარიანთან დაკავშირებით არასრული მტკიცებულებების გამო, სასამართლო დეკემბერში გაგრძელდება. სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირთან დაკავშირებით კი უცნობია, როდის იმსჯელებს სასამართლო.

თაკო ჩარკვიანი, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის ღია მხარდამჭერია, მომხდარს პოლიტიკური ანგარიშსწორებად აფასებს. ჩარკვიანი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს უმოქმედობაში ადანაშაულებს, რადგან მათ შემთხვევის თავიდან ასაცილებლად არაფერი გაუკეთებიათ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ოცნების დეპუტატები ფიქრობენ, რომ საკრებულოს საჯარო მოხელის, დავით მაჭავარიანის, დაკავება გაუგებრობაა.

თაკო ჩარკვიანის გარდა, თავდასხმა მოხდა გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთ წევრზე, ბაჩუკი ქარდავაზე, რომელსაც ორმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერებმაც მიიღეს.

ძალა ერთობაშიას წარმომადგენლები ძალადობის წახალისებაში პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას და პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს აკისრებენ.

დღის ამბები