გარდაბანში ამომრჩეველს დაჰპირდნენ, რომ, თუ ხმას სალომე ზურაბიშვილს მისცემდნენ, არჩევნების შემდეგ შაქარს და კარაქს დაურიგებდნენ, თუმცა საწყობი, საიდანაც დახმარება უნდა დაერიგებინათ, დაკეტეს,
კუთვნილი დახმარების მისაღებად მისულ მოქალაქეებს უკვე უთხრეს, რომ არც კარაქი იქნება და არც შაქარი. არადა, მეორე ტურის წინ მოსახლეობას ქართული ოცნების სახელით, ბიზნესმენი ნათიკ სადიკოვი ჰპირდებოდა, რომ თუ არჩევნების დღეს სალომე ზურაბიშვილს შემოხაზავდნენ, კარტოფილთან და ხახვთან ერთად, სხვა პროდუქტებსაც მიიღებდნენ.
გარდაბანში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ, კარტოფილი და ხახვი მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე დაარიგეს.
ნათიკ სადიკოვი არჩევნების შემდეგ გარდაბანში აღარ გამოჩენილა. მას კურიერი ტელეფონით დაუკავშირდა და განაცხადა, რომ არ აპირებს დაპირებული დახმარების დარიგებას.
დაპირებული კარაქი და შაქარი რომ არ დარიგდებოდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი გარდაბანში წინასწარ ეჭვობდა. ისინი ამბობენ, რომ საკუთარი ხმები კარტოფილსა და ხახვში არ გაუცვლიათ. ადგილობრივები ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაშიც ადანაშაულებენ.
არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს ადგილობრივი ოპოზიციაც. ნაციონალური მოძრაობის წევრი რამინ ბაირამოვი ყვება, რომ გარდაბანში მოსახლეობის მოსყიდვა და ზეწოლა მასობრივად ხდებოდა.
ავტორი: ჯეიხუნ ნარზალოვი