ევროპარლამენტმა შესაძლოა, შექმნას ჯგუფი, რომელიც დაადგენს საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის გარემოებებს. ევროდეპუტატები ყველაზე მეტად ხაზს უსვამენ საქართველოს მთავრობის მიერ 600 ათასი ადამიანისთვის პირობის მიცემაზე, რომ კრედიტებს ჩამოაწერენ.
მათი თქმით, ინიციატივამ ამომრჩეველსა და შესაბამისად, არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია.
ბრიუსელში ევროდეპუტატებისთვის მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტად უნდა ფიქრობდეს ქვეყნის რეპუტაციაზე.
ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩუსის, შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიის ზეიმი არ ყოფილა.
„არსებობს გაურკვევლობის განცდა, განსაკუთრებით მეორე ტურთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება არჩევნების წინაც, რომ ადმინისტრაციული რესურსები შესაძლოა, არასწორად ყოფილიყო გამოყენებული. საბანკო საკითხი ცალსახად ადმინისტრაციული ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მაგალითია. შესაძლოა, კეთილი განზრახვით გაკეთდა, მაგრამ დრო არასწორად იყო შერჩეული. ვერავინ უარყოფს, რომ გარკვეული ზემოქმედება მოახდინა ამომრჩეველზე, კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ, სიმპათიის მოსაპოვებლად. ეს პოლიტიკური ძალა ცხადია, მმართველი კოალიციაა. სწორედ ამიტომ, ეს არის საქართველოს დემოკრატიის სახეზე შავი ლაქა. აბსულუტურად არ იყო საჭირო. გააჩინა კითხვის ნიშნები მთელი პროცედურის მიმართ. ვნახე ბევრი სადამკვირვებლო ორგანიზაციის კრიტიკული შენიშვნა. ახლა საქართველოს ეს ინსტიტუტები შეკითხვებს დაუსვამენ და ის მზად უნდა იყოს, პასუხის გასაცემად. რა თქმა უნდა, პროცესი დამთავრებულია და უკვე დაგვიანებულიცაა. ვერ ვიტყვი, რომ დემოკრატიის ზეიმია, რაც ძალიან სამწუხაროა,“ - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა ლიეტუვადან, პეტრას აუსტრევიჩუსმა.
არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპარლამენტში საგარეო კომიტეტის სხდომაზე ევროდეპუტატებსა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს შორის დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარების მხრიდან მწვავე შეკითხვები დაისვა. ისინი დღესაც აღნიშნავენ, რომ საგარეო კომიტეტის სხდომაზე წინასაარჩევნო გარემოზე კიდევ ერთხელ უნდა ისაუბრონ.
„საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაჩრდილა მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციის კანდიდატის წინააღმდეგ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებამ, ასევე მოსყიდვამ უზარმაზარი ვალების ჩამოწერით და ასევე ყალბი მოწმობების სავარაუდო დაბეჭდვით. ასე, რომ ყველა რესურსი იყო გამოყენებული, რამაც გავლენა მოახდინა შედეგებზე. ეს ნამდვილად არ ყოფილა სამართლიანი არჩევნები. ჩემი აზრით, ევროპარლამენტმა და საგარეო საქმეთა კომიტეტმა უნდა გამოიძიოს ბრალდებები, დარღვევები და არჩევნების სამართლიანობის საკითხიც, რომ ვნახოთ რამდენად დაცული იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო პრინციპები,“ - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა პოლონეთიდან, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ.