„აქ დგანან ადამიანები, რომლებიც არ იყიდებიან, რომლებსაც აქვთ ღირსება,“ - ეს განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილმა გააკეთა. მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება. მან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.
„ჩვენ ვნიშნავთ თითო ადამიანი 100 ადამიანს, იმიტომ რომ აქ დგანან ადამიანები, რომლებიც არ იყიდებიან, რომლებსაც აქვთ ღირსება, რომლებსაც გააჩნიათ ნამუსი. აქ მე ვხედავ მართლა ვაჟკაცებს, მართალ დიაცებს, როგორც ეს შეეფერება კავკასიელ ხალხს და არა იმ ადამიანებს, რომლებიც იყიდებიან. აქ მართლა საქართველოა დღეს, აქ მართლა ქართველი ერია. როგორც შეეფერება ეს ნამდვილ ქართველებს, დღეს მე ვხედავ ნამდვილ ქართველებს დ ამით მოხარული ვარ,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, ეშინია თემირლანის წლისთავის, რომ მკვლელები დასჯილები არ იქნებიან.
„ღმერთმა მოგვცეს იმის ძალა და იმის შნო, ვაშენოთ ქვეყანა და დავსაჯოთ ის ადამიანები, ვინც დღეს სისტემაში არიან და სისხლით მსმელები არიან, ვინც სისხლით მოვიდნენ და ვინც სისხლით უნდა გავაცილოთ," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.