რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეუერთდნენ. მათი ნაწილის თქმით, ხელისუფლებამ მათ თავისუფალი არჩევანის საშუალება წაართვა. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გაყალბების გამო, არჩევნები ლეგიტიმურად არ უნდა ჩაითვალოს. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არ უნდა ითვლებოდეს ჩვეულებრივად არჩეულ პრეზიდენტად.
„ეს იყო წარმოუდგენელი ძალადობით, ეს არჩევნები არც იყო. დავალებული ჰქონდა ივანიშვილს პუტინისგან, რომ უნდა გაეყვანა სალომე ზურაბიშვილი და ძალადობით, მოსყიდვით, გაყალბებით, ხმების გაბათილებით, ყალბი მოწმობებით და ყველა საშუალებით, რაც კი არსებობს, ყველა საშუალებით წარმოუდგენლად უპრეცედენტოდ გაყალბდა არჩევნები. წესით, მთელი ქვეყანა ფეხზე უნდა იდგეს,“ - განაცხადა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარემ, თამარ ჩხეიძემ.
პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი, რომელიც რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ქვეყანა დასავლეთის გზას ასცდა.
„გაუარესებულია იმ თვალსაზრისით, რომ დასავლეთს აცდენილი ქვეყანაა უკვე სტრუქტურით. სახელმწიფო მოწყობით ავცდით,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
რუსთაველის გამზირზე მისული საზოგადოების ნაწილი კრიმინალური ჯგუფების საარჩევნო უბნებზე მობილიზებაზეც საუბრობს.