19 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულ "დონბასის" შვიდ მებრძოლს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისათვის დაკავებულ უკრაინის 6 და საქართველოს ერთ მოქალაქეს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

დაცვის მხარე გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა, მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა.

წაყენებულ ბრალს თავად დაკავებულები არ აღიარებენ. მათი თქმით, სამართალდამცველთა მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციას.

შვიდივე ბრალდებულმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მათი განცხადებით, ისინი საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოვიდნენ და არავითარი კავშირი პოლიტიკასთან, ან ოპოზიციის აქციასთან არ ჰქონდათ.

საქართველოში იმყოფება უკრაინის რადას დეპუტატი. სიმიონ სემერჩენკო აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქეების მიმართ ბრალდება, რომელიც სასამართლომაც სარწმუნოდ მიიჩნია, პოლიტიკური პროვოკაციაა.

„უკვე დავრწმუნდი, რომ ყველაფერი, რაც ხდება, არის პოლიტიკური პროვოკაცია, რომელიც მოაწყვეს კონკრეტულმა პირებმა საქართველოს და შესაძლოა ასევე სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოებიდან. ის მიმართულია უკრაინელი მოხალისეების წინააღმდეგ. არ არის გამორიცხული, რომ ეს პროვოკაცია დაიგეგმა რუსეთის ფედერაციასთან და უკრაინის ოლიგარქატის მსახურებთან ერთად.

"გავარკვიე, რომ დაკავებულებს პოლიციის წარმომადგენლები გარიგებას სთავაზობდნენ, რაც მათი გაგებით ნიშნავს იმას, რომ მათ უნდა ეღიარებინათ ბრალი, ანუ დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენიათ და შემდეგ გამხდარიყვნენ პოლიტიკური თამაშების მარიონეტები.

"ჩვენ პატივს ვცემთ ქართველ ხალხს, ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში. შოკის მომგვრელი და დამამცირებელია, რომ უკრაინის მოქალაქეების შიდაპოლიტიკურ ინტრიგებში ჩათრევა სურთ,“ - ამბობს რადას დეპუტატი სიმიონ სემერჩენკომ.  

წინასასამართლო სხდომა 24 იანვარს გაიმართება. მანამდე ადვოკატები წინასწარი პატიმრობის სახით შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების გასაჩივრებას აპირებენ.

 

 

 ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები