19 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დაუახლოვდეს ნატოს" - უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი

ამ წუთებში ბრიუსელში, საქართველოსა და უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელების მონაწილეობით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა  მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყების წინ კი ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრაზე საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მინიჭებასთან დაკავშირებით ისაუბრებს.  

„საქართველო ნომერ პირველი წვლილის შემტანია ნატოს მისიაში ავღანეთში. ეს არის აშკარა სიგნალი მისი ერთგულების. ჩვენ უნდა მოვიწვიოთ საქართველო, რომ წევრობის სამოქმედო გეგმა მათთვის საბოლოოდ გააქტიურდეს. დღეს კიდევ ერთხელ წამოვწევთ ამ საკითხს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დაუახლოვდეს ნატოს, მაპი მხოლოდ ტექნიკური საკითხია,“ - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი, იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც რუსეთის მხრიდან მომდინარეობს.

„არა მხოლოდ შეიარაღების, არამედ კიბერ სფეროშიც არსებობს საფრთხე, რაც აზოვის ზღვაში მოხდა, გამოფხიზლების ნიშანი იყო. არა ერთხელ მივიღეთ მსგავსი ნიშანი, მაგრამ არავინ გამოფხიზლებულა. ეს არის ტესტი ჩვენთვის, რამდენად შორს შეუძლია რუსეთს წავიდეს და რა რეაქცია ექნება დასავლეთს. საქართველო მსხვერპლს იღებს თავისი არჩევანისთვის და იმსახურებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია, რომ მან გააგრძელოს დემოკრატიის კონსოლიდაცია, ჩვენ ამ პროცესს გარედან დავაკვირდებით,“ - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას ესწრება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაცეკ ჩაპუტოვიჩი, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი, სუვერენული ქვეყანა. ვისაუბრებთ, რა შეუძლია ნატოს, გააკეთოს საქართველოსთვის. კარგი იქნება პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა,“ - განაცხადა  იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი, ყურადღებას აზოვის ზღვაში განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებს.

„მოხარული ვარ, რომ კოლეგები საქართველოდან და უკრაინიდან დღეს აქ იმყოფებიან. ვილაპარაკებთ აზოვის ზღვაში მომხდარზე, რაც ჩვენთვის შემაშფოთებელია. გვინდა, რომ დაკავებული გემები და მეზღვაურები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ,“ - განაცხადა ჰაიკო მაასიმ.

დღის ამბები