ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა რურუა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, ის გულის შეტევით გარდაიცვალა.
საქართველოს რეფორმატორი ხელისუფლების მინისტრთა კაბინეტში არ იყო რომელიმე სხვა მინისტრი, რომლის პოსტზე დანიშვნასაც ასეთი არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია მოჰყვა. პირველი იმიტომ, რომ არ არსებობდა მათ შორის კაცი, რომლის წარსულს 80-90-იანი წლებში უფრო მეტი ლეგენდა არსებობდა.
აფხაზეთში მოხალისედ წასულმა ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლისთვის ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით მიიღო.
რურუამ ამერიკაში სამართალმცოდნეობის სკოლის დასრულების შემდეგ 2001 წელს იურისპრუდენციის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიიღო, მინისტრობამდე კი პარლამენტში თავდაცვის კომიტეტში მუშაობდა.
ერთადერთი, რითაც მას კულტურის სფეროს უკავშირებდნენ, მისი ოჯახი იყო, კერძოდ კი მამა, ცნობილი მხატვარი, ვახტანგ რურუა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მისი პირველი პროფესია ტელერეჟისურა იყო.
ნიკა რურუას ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ რურუების ბიბლიოთეკა საგრძნობლად გამდიდრდა. მაშინდელ საბაჟოზე 27 ყუთი წიგნების შემოსატანად ქრთამი 300 ლარი მოსთხოვეს.
ნიკა რურუას თბილისში როგორც მელომანს იცნობდნენ. ბავშვობაში მიღებულმა რამდენიმეწლიანმა მუსიკალურმა განათლებამ ის ერთგვარ ექსპერტ-მსმენელად ჩამოაყალიბა და რამდენიმე ინსტრუმენტის ფლობის საფუძველი მისცა
ნიკა რურუას ხელმძღვანელობით მშობლიურ მიწას დაუბრუნდა ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი.
ის იყო ოკუპაციის მუზეუმის იდეის ერთ-ერთი ავტორი. მუზეუმის ექსპონატებს შორის რამდენიმე მისი პირადი კოლექციიდანაც იყო. ნიკა რურუას დროს დაფუძნდა არაერთი საერთაშორისო მუსიკალური თუ თეატრალური ფესტივალი საქართველოში.
ნიკა რურუა თავის გუნდის ბევრი წევრისგან პროფესიული ტემპერამენტითაც და მართვის სტილისგათაც განსხვავდებოდა.
საქართველოს წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის სტატუსი სწორედ მისი მრავალწლიანი მცდელობის შედეგად მოიპოვა, მაგრამ პროექტის ავტორი მსოფლიოს ყველაზე დიდი ლიტერატურულ ფორუმზე ქართულმა მხარემ არ მიიწვია, მიიწვიეს გერმანელებმა, რომლებსაც ის დიდხანს არ დაავიწყდებათ.
ბექა გოჩიაშვილის ჯულიარდში სწავლა და სხვა ნიჭიერი სტუდენტების უცხოეთში განათლება იყო ის, რაში ინვესტირებაც სახელმწიფოს მხრიდან უდანაკარგოდ მიაჩნდა, რადაც ღირდა მისთვის ძალაუფლება, რომელსაც ოქსიმორონს უწოდებდა.
როგორც მწვანე აქტივისტი რგავდა ხეებს თავის უბანში, როგორც ახალი წიგნების ავტორი მასპინძლობდა სტუმრებს პრეზენტაციებზე. ნიკა რურუამ მთაწმინდა, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა კარდაკარ შემოიარა და 2016-შიც უთანასწორო ბრძოლა ახალარჩეულ პრეზიდენტთან წააგო.
ბოლო წლების პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად ის სხვა მრავალი ინტელექტუალი კოლეგისგან განსხვავებით ერთხელ არჩეული გუნდის წევრად და იმ პრინციპის ერთგულად დარჩა, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილმა ჩვენი დროის მამულიშვილების 10 მცნებაში ჩაწერა.